Nikkei: ჩინეთის ბანკების მიერ გადახდების შეჩერებით რუსეთის სავაჭრო იზოლაცია იზრდება

რუსეთის სავაჭრო იზოლაცია მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჩინურმა ბანკებმა გადახდები შეაჩერეს. ინფორმაციას Nikkei ავრცელებს.

გამოცემას რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში მთლიანი იმპორტი იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.

მარტიდან მკვეთრად, ანუ 16%-ით შემცირდა იმპორტი ჩინეთიდან, რასაც ომისდროინდელ მიწოდებებში რუსეთი დიდწილად ეყრდნობა. მარტის ეს ვარდნა 2022 წლის ივნისის შემდეგ პირველი წლიურ კლებას წარმოადგენდა. შედეგად, ჩინეთის საბაჟო სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნიდან რუსეთში ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით, დოლარის გამოხატვით 14%-ით შემცირდა.

ჩინურ ლოგისტიკურ კომპანიაში წყარო აცხადებს, რომ მარტიდან რუს კლიენტებთან ანგარიშსწორება მხოლოდ გარკვეული ბანკების მეშვეობით არის შესაძლებელი. ამ ბანკებში შემოწმების პროცედურაც უფრო გამკაცრდა და „თანხის მიღებას ერთი თვე ან მეტი სჭირდება.”

ასევე, რუსეთის ვაჭრობა ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ე.წ. მეგობარ ქვეყნებთანაც ზარალდება. კერძოდ, იანვრიდან მარტის პერიოდში რუსეთში თურქეთის ექსპორტი წლიური თვალსაზრისით, დაახლოებით, 30%-ით, ხოლო ყაზახეთიდან 25%-ით შემცირდა.

ცნობისთვის: მარტში რამდენიმე ჩინურმა ბანკმა რუსეთიდან გადახდების იუანში მიღება ერთბაშად შეწყვიტა და კლიენტებისთვის ასეთი ტრანზაქციების დაბრუნება დაიწყო. მიზეზად აშშ-ის მეორადი სანქციების სიაში მოხვედრის შიში დასახელდა. გადახდების მიღების შეწყვეტის შესახებ ჩინურმა ბანკებმა რუს კლიენტებს პირადად აცნობეს. ამ ბანკებს შორის არის Ping An Bank, Bank of Ningbo, China Guangfa Bank, Kunshan Rural Commercial Bank, Great Wall West China Bank, Shenzhen Rural Commercial Bank, Dongguan Rural Commercial Bank და China Zheshang Bank.

გასული წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომ დასანქცირდებოდნენ ბანკები, რომლებიც რუსი სანქცირებული პირების ტრანზაქციებს ან რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის გარკვეულ მასალისა და აღჭურვილობის მიწოდებას ხელს უწყობდნენ. ამის შემდეგ რუსეთის პარტნიორი ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები დოლარზე წვდომის დაკარგვის შიშით უფრო ფრთხილი გახდნენ, რადგან ეს ვალუტა გლობალური ფინანსური ტრანზაქციების, თითქმის, ნახევარს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ