საქართველოს გარდა ყველა მეზობელ ქვეყანაში დენზე დღე/ღამის ტარიფები მოქმედებს - რა ღირს კილოვატი

საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ერთადერთია, სადაც ელექტროენერგიაზე არა საფეხურეობრივი, არამედ დღის და ღამის ტარიფები მოქმედებს. ყველა ქვეყანაში ღამის ტარიფი უფრო იაფია, ვიდრე დღის, გადასახადებს შორის განსხვავება კი ხშირ შემთხვევაში 6-დან 10 თეთრამდე მერყეობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია ელექტროენერგიის დღის და ღამის ტარიფები მეზობელ ქვეყნებში:

სომხეთი

სომხეთში შინამეურნეობების იმ აბონენტებისთვის, რომლებიც ყოველთვიურად 200 კვტ/სთ-მდე ელექტრენერგიას მოიხმარენ, დღის ტარიფი კვტ/სთ-ზე 46,48 დრამს (34 თეთრს), ღამის ტარიფი კი 36,48 დრამს (26 თეთრს) შეადგენს. ეს აბონენტები მომხმარებლების 55%-ია. აბონენტებისთვის, რომლებიც ყოველთვიურად 201-400 კვტ/სთ-მდე დენს მოიხმარენ, დღის ტარიფი კვტ/სთ-ზე 48,48 დრამი (35 თეთრი), ხოლო ღამით 38,48 დრამია (28 თეთრია). ასეთი აბონენტების რაოდენობა მომხმარებელთა 25%-ია.

ქვეყანაში დენის ტარიფი 2022 წლის 1-ლი თებერვლიდან, საშუალოდ, 4.7 დრამით (3 თეთრით) გაიზარდა, რაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ შეხებია. მათთვის დღის ტარიფი 29,99 დრამს (21 თეთრს), ღამის ტარიფი კი 19,99 დრამს (14 თეთრს) შეადგენს. სოცდაუცველები შინამეურნეობის საერთო რაოდენობის 11%-ს შეადგენენ. საზოგადოებრივი სერვისების მარეგულირებელი კომისიის 2023 წლის 27 დეკემბერის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი არ შეცვლილა.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ღირებულება ადგილობრივი დროით 08:00-დან 22:00 საათამდე 1 კვტ/სთ-ზე 7,3 გეპიკს (11 თეთრს), ხოლო 22:00-დან 08:00 საათამდე 3,5 გეპიკს (6 თეთრს) შეადგენს. ასეთი ტარიფები 2021 წლის 1-ლი ივლისდან მოქმედებს, როცა აზერბაიჯანის სატარიფო საბჭომ „ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფის რეგულირების შესახებ“ 2016 წლის 28 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

რუსეთი

რუსეთში, კერძოდ, მოსკოვის ოლქში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის გადასახადი არ შეცვლილა, თუმცა წლის მეორე ნახევარში, კერძოდ, 1-ლი ივლისიდან დღის ზონების მიხედვით დიფერენცირებული ტარიფები 8,9%-დან (დღე) 14,2%-მდე (ღამე) გაიზრდება. დღის ტარიფი გაზქურიან სახლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის 8,9%-ით, ანუ 60 კაპიკით (1 თეთრით) გაიზრდება და კვტ/სთ-ზე 7,33 რუბლს (23 თეთრს) გაუტოლდება. ელექტროღუმელების მქონე სახლებში მცხოვრებთათვის 1-ლი ივლისიდან ფასდაკლება 24%-ს შეადგენს და, შესაბამისად, დღის ტარიფი წლის მეორე ნახევარში კვტ/სთ-ზე 5,57 რუბლი (17 თეთრი) იქნება. ასევე, სოფლად მცხოვრებთათვის, რომლებიც მოსკოვის ოლქის მოსახლეობის მესამედს შეადგენს, ფასდაკლება გასული წლის დონეზე, ანუ 30%-ის ოდენობით შენარჩუნდება. მათთვის ელექტროენერგიის დღის ტარიფი ივლისიდან მხოლოდ 42 კაპიკით (1თეთრით) გაიზრდება და კვტ/სთ-ზე 5,13 რუბლს (16 თეთრს) შეადგენს.

რაც შეეხება ღამის ტარიფს, 1-ლი ივლისიდან გაზქურების მფლობელებისთვის კვტ/სთ 3,70 რუბლი (11 თეთრი) ეღირება, რაც დღის პიკური ზონის ტარიფზე ორჯერ ნაკლებია. ღამის ტარიფი ელექტროღუმელის მომხმარებლებისთვის კვტ/სთ-ზე 2,81 რუბლი (8 თეთრი), ხოლო მოსკოვის ოლქის სოფლად მცხოვრებთათვის მხოლოდ 2,59 რუბლი (8 თეთრამდე) იქნება.

თურქეთი

თურქეთში წელს ელექტროენერგიის ტარიფი რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება. მათ შორის არის, დღის რომელ მონაკვეთში იხარჯება რესურსი: დღის განმავლობაში, პიკის საათებში თუ ღამით. ღამის ტარიფი (Gece Endeks) 22:00-დან 06:00 საათამდე, დღის (Gündüz Endeks) 06:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო პიკის ტარიფი (Puant Endeks) 17:00-დან 22:00 საათამდე მოქმდებს. დღის განმავლობაში და პიკის საათებში უფრო მაღალი ინდექსი გამოიყენება, ვიდრე ღამით. კერძოდ, 22:00-06:00 სთ-ებში ტარიფი ეკონომიურია, 06:00-17:00 სთ-ებში საშუალო, ხოლო 17:00-22:00 სთ-ებში დენის გადასახადი ძვირია. იმისთვის, რომ შინამეურნეობა დენის გადასახადს დღე-ღამის ტარიფებით იხდიდეს, შესაბამის სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. სხვა შემთხვევაში დღის ნებისმიერ პერიოდში ტარიფი ელექტროენერგიის მოხმარების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, არაუმეტეს 240 კვტ.სთ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე კვტ.სთ 1.4744 ლირას (12 თეთრს), ხოლო 240 კვტ.სთ-ზე ზევით კვტ.სთ 2.2116 ლირას (19 თეთრს) შეადგენს.

ქვეყანაში ტარიფის განსაზღვრის დანარჩენი ფაქტორებია: ყოველთვიური მოხმარების მოცულობა აღრიცხვის მოწყობილობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ დაწესებული პირობები და უძრავი ქონების სახეობა, ანუ საცხოვრებელი და კომერციული ფართი.

საქართველო

საქართველოში ელექტროენერგიის საფეხურეობრივი ტარიფი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს - ხარჯავ მეტს, იხდი მეტს. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისში მცხოვრები ის აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან, 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრს შეადგენს, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი კი 23.537 თეთრია.

რაც შეეხება რეგიონების, ის აბონენტები, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 14.731 თეთრია, 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის - 18.707 თეთრამდე დაიკლო, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის - 23.227 თეთრი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ