„მიწისქვეშა თბილისი არის ხევები - თავისუფლების მოედნის ქვეშ არის უზარმაზარი მდინარე“

„ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც ძალიან სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება. პრობლემა მოგვარებული რომ იყოს, ქალაქში ცხოვრება გაცილებით სასიამოვნო და კომფორტული იქნებოდა,“ - ასე ეხმაურება რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი, ბოლო კვირების განმავლობაში წვიმის დრო თბილისის ქუჩების დატბორვის ფაქტს.

„ბათუმი ან ფოთი რომ იტბორება, ეს გასაგებია, ზღვის დონეზეა ეს ქალაქები, მაგრამ თბილისი, რომელიც ზღვის დონიდან 450 მეტრზე მდებარეობს და მთა-გორიანი ქალაქია, შეგნებულად უნდა მოგინდეს, რომ დააგუბო წყალი,“ -აღნიშნა როსტომაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს თბილისში საკმაოდ ბევრი სარისკო ზონაა.

„ესენია: მაყაშვილის ქუჩა, გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდამდე, რომელიც სულ დამეწყრილი ზონაა და ა.შ. პოტენციური რისკები საკმაოდ ბევრია. მაგალითად, თავისუფლების მოედნის ქვეშ არის უზარმაზარი მდინარე წავკისის წყალი, რომელიც ამჟამად პუშკინის გამზირით არის „გადახურული“. მიწისქვეშა თბილისი არის ხევები და ამით ყველაფერია ნათქვამი.

„ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც თბილისში „თბილქალაქპროექტი“ გაუქმდა. მსგავსი დაწესებულება მსოფლიოს ყველა ქალაქში არის. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერი კომუნიკაციების, საინჟინრო ქსელების, განაშენიანების შესახებ აქვეყნებდა სიახლეებს.

დღევანდელი უკონტროლო მშენებლობების მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს ვერტიკალური გეგმარება, რომელიც პროექტირების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და რომელიც პირადად მე ბოლო პერიოდში არცერთ დოკუმენტში არ მინახავს,“ - აცხადებს როსტომაშვილი.

ეკა დარჩიაშვილი