რა კრიტერიუმებით ითვლება სიღარიბის მაჩვენებელი - სტატისტიკოსის განმარტება

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ სიღარიბის მაჩვენებლის დათვლის კრიტერიუმებზე საუბრობს.

მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. ერთ-ერთი კრიტერიუმის თანახმად, სიღარიბე განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორ აიდენტიფიცირებს მოქალაქე საკუთარ თავს სოციალურ ჭრილში.

„არსებობს მრავალი კრიტერიუმი, მაგრამ რამდენიმეს დავასახელებ. ერთ-ერთი არის თვითიდენტიფიკაცია, როცა რესპონდენტი ამბობს, რომელ კატეგორიას მიაკუთვნებს თავის თავს, ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება მისი შემოსავალი, რადგან ერთისთვის ეს შეიძლება იყოს მაღალი, მეორისთვის დაბალი“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

სტატისტიკოსის თქმით, მეორე მეთოდის მიხედვით, არსებობს კონკრეტული პროფესიები, რომლებიც ავტომატურად მიაკუთვნებს მოქალაქეს კონკრეტულ სოციალურ ფენას. მაგალითად, მედიის წარმომადგენლები, ექიმები და მასწავლებლები საშუალო ფენას მიეკუთვნებიან.

„არის აგრეთვე კრიტერიუმი, როცა ესა თუ ის პროფესია მიეკუთვნება აპრიორი ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს. მაგალითად, იგივე მასმედიის საშუალებები, ექიმები, მასწავლებლები მიეკუთვნებიან საშუალო ფენას, თუ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას არ აქვს ადგილი“, - აღნიშნავს არჩვაძე.

მანვე აღნიშნა, რომ კრიტერიუმები ქვეყნების მიხედვითაც განსხვავებულია. მაგალითად კათოლიკურ ქვეყნებში მოქალაქე მიეკუთვნება საშუალო ფენას იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს დეპოზიტებზე საარსებო მინიმუმზე არანაკლებ 18-ჯერ მეტი თანხა აქვს.

„გამოიყენება სხვადასხვა კრიტერიუმი როდესაც, განსაკუთრებით კათოლიკურ ქვეყნებში ოჯახების ერთად ცხოვრების, დროის ხარჯვის მიხედვით ხდება დათვლა. მაგალითად საშუალო ფენას უნდა მიეკუთვნებოდეს ოჯახი, რომელსაც აქვს 2-ჯერ დასვენების საშუალება ზამთარ-ზაფხულს, მათ შორის ერთხელ უცხოეთში; ერთხელ მაინც კოლექტიურად უნდა სადილობდეს რესტორანში, ჰქონდეს დეპოზიტებზე საარსებო მინიმუმის არანაკლებ 18-ჯერადი თანხა“, - განაცხადა სტატისტიკოსმა.

იხილეთ ასევე: „მოსახლეობა 5 ფენად უნდა იყოფოდეს - ღარიბები, ღატაკები, საშუალო ფენა, შეძლებულები და მდიდრები“

როგორ ნაწილდება მდიდრების, საშუალო და ღარიბი მოსახლეობის ფენა საქართველოში

მერი ტაბატაძე