2024 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, გლობალურ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი 20.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ვკითხულობთ „გალტ ენდ თაგარტის“ ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
კვლევის მიხედვით, წლევანდელი ზაფხული, სავარაუდოდ, რეკორდულად ცხელი იქნება და მოსალოდნელია, რომ ამის გათვალისწინებით ბუნებრივ აირზე, მათ შორის გათხევადებულზე, მოთხოვნა გაიზრდება.
„ბუნებრივი აირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გათბობაში, მაგრამ ის ასევე აღსანიშნავი კომპონენტია ცხელ თვეებში გაგრილებაში. წლევანდელი ზაფხული, სავარაუდოდ, რეკორდულად ცხელი იქნება, რაც ბუნებრივი აირის მოთხოვნაშიც აისახება. მაგალითად, ეგვიპტემ, რომელიც როგორც წესი ექსპორტიორია, LNG-ის შესყიდვა დაიწყო რათა ცხელ თვეებში ელექტროენერგიის გათიშვა აირიდოს. ასევე მზარდია მოთხოვნა ინდოეთში, რაც აქაც ელექტროენერგიის სექტორისგან მომდინარეობს.
ცხელი ოკეანეები ჩრდილოეთ ამერიკაში ქარიშხლების წარმოშობას უწყობს ხელს, რაც აშშ-ს LNG წარმოებას უქმნის საფრთხეს. დამატებით, გვალვების გამო შესაძლოა ლათინურ ამერიკაში ჰიდრო გენერაცია შემცირდეს და საპირწონედ თერმო გენერაცია გაიზარდოს. Citigroup-ის მიხედვით, ამ ორ კომპონენტს თუ ევროპა-აზიის მნიშვნელოვანი მოთხოვნაც დაემატება, შესაძლებელია ფასები ახლანდელი ნიშნულიდან 50-60%-ით გაიზარდოს.
ფუნდამენტური მიზეზების გარდა, ფასზე გავლენას მოულოდნელი მოვლენებიც ახდენს. 3 ივნისს, ევროპული გაზის ფასი რამდენიმე საათში 13%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული მკვეთრი ნახტომი ნორვეგიის ერთ-ერთი გაზგადამამუშავებელი ქარხნის გაჩერებას მოჰყვა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
ცნობისთვის, გასულ წელს ნორვეგიული ბუნებრივი აირი ევროკავშირის მოხმარების 30%-ის უზრუნველყოფას ახერხებდა. რუსულმა Gazprom-ის გასული წლის ზარალი კი 6.9 მლრდ დოლარი იყო, რაც გასული 25 წლის ყველზე უარესი შედეგია. ანალიტიკოსების განცხადებით, მონაცემები აჩვენებს თუ როგორ ვერ შეძლო ენერგო-გიგანტმა რუსეთმა ევროკავშირის ბაზრის დაკარგვასთან გამკლავება.
აღნიშნულის სანაცვლოდ, რუსეთი ცდილობს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაზრდას და აქტიურად ლობირებს Power of Siberia 2 პროექტს, რაც ორ ქვეყანას გაზსადენით დააკავშირებს. თუმცა, Financial Times-ის მიხედვით, პეკინის საფასო მოთხოვნების გამო გარიგება ნელა მიიწევს წინ, რაც მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის დომინანტი სავარაუდოდ ჩინური მხარეა.