„გლობალური მარაგები, სავარაუდოდ, 9-წლიან მინიმუმამდე დაეცემა“ - ხორბლის ფასი მაისში 15.8%-ით გაიზარდა

„გალტ ენდ თაგარტის“ ბაზის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის მაისში ხორბლის ფასი გლობალურ ბაზრებზე თვიურად 15.8%-ით გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, 2022 წლის თებერვლის, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ეს ხორბლის ფასის ყველაზე დიდი თვიური ზრდა იყო.

„რუსეთშიც და უკრაინაშიც, რომლებიც მარცვლეულის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან, ცუდი ამინდების გამო მოსავლის კლებაა მოსალოდნელი. რუსეთის შემთხვევაში მოლოდინები უკვე 10%-ზე მეტით შემცირდა, უკრაინაში კი დეკადის ყველაზე ცოტა მოსავალს ელიან.

ხორბლის გლობალური მარაგები, სავარაუდოდ, 9-წლიან მინიმუმამდე დაეცემა, რაც სხვა მსხვილ მწარმოებლებშიც (ავსტრალია და ინდოეთი) პრობლემური სეზონებით იქნება გამოწვეული“, - აღნიშნულია კვლევაში.

მერი ტაბატაძე