„თემის უხუცესებთან ერთად დავამზადეთ“ - სვანეთში ახალგაზრდებმა „ლუშნუ ჯიმის“ წარმოება დაიწყეს

ერთი კვირაა ადგილობრივ ბაზარზე ბრენდირებული სვანური მარილი სახელწოდებით „ლუშნუ ჯიმ“ გამოჩნდა. პროექტის ავტორები ზემო სვანეთის სოფელ წვირმიდან არიან.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, ისტორიისა და გეოგრაფიის 24 წლის მასწავლებელი მადონა გიგლემიანი უყვება, გამოცხადდა ახალგაზრდული იდეის პროექტი, სადაც სვანური მარილის პოპულარიზაციის მიზნით, მონაწილეობა მიიღო წვიმრის სკოლის ხუთმა მოსწავლემ და ორმა მასწავლებელმა.

„გადავწყვიტეთ ახალგაზრდული იდეის კონკურსში წარგვედგინა პროექტი სვანური მარილის დამზადებისა და პოპულარიზაციისთვის. იდეის შემდეგ, შევქმენით ახალგაზრდა მეწარმეთა კლუბი, შევიკრიბეთ 7 ახალგაზრდა, ძირითადად სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები“, - ამბობს მადონა გიგლემიანი.

კონკურსში „ლუშნუ ჯიმის“ იდეამ გაიმარჯვა და 890 ლარის ოდენობით გრანტი მოიპოვა. გიგლემიანი აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხით იყიდეს სუნელები, ქილები და ეტიკეტირება უზრუნველყვეს.

„დავწერეთ პროექტი, რომელმაც მოიპოვა გრანტი. ამის ფარგლებშიც შევიძინეთ სუნელები, ქილები, ეტიკეტი და ა.შ. გრანტის რაოდენობა იყო 890 ლარი, რომელიც სრულად ავითვისეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ გაყიდვებიდან შემოსული თანხით ვკმაყოფილდებით. დრო გვიჩვენებს დანარჩენს, დამატებითი თანხების მოზიდვა გაფართოების შემთხვევაში განხორციელდება“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ სვანური მარილის დამზადებისთვის პროექტის ავტორებმა საკუთარ ცოდნასთან ერთად, გამოცდილების გასაზიარებლად სოფლის უხუცესებსაც მიმართეს.

„საუკეთესო სვანური მარილის დამზადებისთვის თემში ჩვენს სოფელში მცხოვრები უხუცესებისგან გამოვიკითხეთ როგორ ამზადებდნენ, მასტერკლასებიც ჩაგვიტარეს უხუცესებმა და ჩვენთან ერთად მიიღეს მონაწილეობა დამზადების პროცესში. ჩვენს ცოდნას დავუმატეთ მათი ცოდნა და პრაქტიკაც და მივიღეთ პროდუქტი არსებული სახით“, - დასძინა მან.

გიგლემიანის თქმით, ბაზარზე ჩაშვებიდან ერთ კვირაში „ლუშნუ ჯიმზე“ მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე უკვე ფიქსირდება. მისი თქმით, გაყიდვების 90% სვანეთზე მოდის.

„მოთხოვნა საკმაოდ ნორმალურია. სვანეთის ფარგლებში არ ველოდით ასეთ გამოხმაურებას, იმიტომ, რომ აქ თითქმის ყველა ამზადებს სვანურ მარილს, მაგრამ იდეამ სვანეთში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ვიმედოვნებთ, რომ გაყიდვები უფრო მეტად გაიზრდება. შემოსული თანხით ვგეგმავთ თემისთვის სასიკეთო იდეების განხორციელებას“, - განაცხადა გიგლემიანმა.

24 წლის მასწავლებლის თქმით, არსებითი მნიშვნელობა აქვს მსგავს პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხშირად ისინი რეგიონებს ტოვებენ. გიგლემიანი ამბობს, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სოციალური საწარმოების შექმნას, რის შედეგადაც, ახალგაზრდებს უჩნდებათ საკუთარი ფინანსები და მოტივაცია, რათა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება და არ დატოვონ სოფლები.

„პატარა პროექტები ქმნის საფუძველს, რომ შეიქმნას მცირე სოციალური საწარმოები. მსგავსი სამეწარმეო უნარების განვითარება ახალგაზრდებში არის არსებითად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით რეგიონებში იმიტომ, რომ ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ შრომა და მისი დაფასება. ახალგაზრდებს უჩნდებათ ფინანსები, საკუთარი საქმე, ხედავენ რომ საკუთარი რეგიონისთვის მნიშვნელოვნები არიან და აღარ უჩნდებათ სურვილი, სხვაგან წავიდნენ“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი პროექტი, რაც ზემო სვანეთის სოფელ წვირმში სკოლის მოსწავლეების მიერ ხორციელდება. ახალგაზრდებმა 3 წლის წინ წამოიწყეს კიდევ ერთი სტარტაპი, რის ფარგლებშიც მხატვარ ფრიდონ ნიჟარაძის ნახატებით გაფორმებულ კალენდრებს, ჩანთებსა და წიგნაკებს აწარმოებენ. მიღებული შემოსავლებით ადგილობრივი თემის მრავალშვილიან ოჯახებსა და მოხუცებს ეხმარებიან. აღნიშნული სტარტაპი დღემდე ხორციელდება.

მერი ტაბატაძე