EU-ის ქვეყნებმა გარემოს დაცვაში გასულ წელს 67 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელეს

2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა დაახლოებით 67 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელეს გარემოს დაცვის სერვისების უზრუნველყოფისთვის. ინფორმაციას „ევროსტატი“ ავრცელებს.

მისივე ცნობით, ინვესტიციები განხორციელდება ისეთ პროექტებში, როგორიც არის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობა, ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფა, გარემოზე ნაკლები ზემოქმედების მქონე ტექნიკის წარმოება და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს გარემოს დაცვის ინვესტიციების წილი ევროკავშირის მთლიან ინვესტიციებში დაახლოებით 1.8% იყო. ყველაზე დიდი ინვესტიცია კანალიზაციისა (გარემოს დაცვის მთლიანი ინვესტიციების 41,6%) და ნარჩენების მართვის მომსახურებისკენ (ინვესტიციების 26,6%.) იყო მიმართული.

ამასთანავე, გარემოს ადმინისტრირების, კვლევისა და რადიაციისგან დაცვისკენ ინვესტიციების 8,4% მიემართა; ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტის დაცვისკენ - 6,4%, ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვისკენ - 5,6%, ხოლო ხმაურის შემცირებისთვის განხორციელებული ინვესტიციის წილი 1,1% იყო.

მერი ტაბატაძე