მადრიდში ბოლო ვიდეოსალონი იხურება

მადრიდი ბოლო ვიდეოსალონის დასახურად ემზადება. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

ვიდეოსალონი, სახელწოდებით, “Ficciones” მადრიდში 2004 წელს გაიხსნა. იქ ამჟამად დარჩენილი DVD-დისკები და პლაკატები იყიდება, რის შემდეგაც მაღაზია სამუდამოდ დაიხურება.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ადამიანები სულ უფრო ნაკლებად ქირაობენ ვიდეოკასეტებსა და DVD-დისკებს, რომლებიც სტრიმინგ-სერვისებმა და ინტერნეტში შეძენილმა ციფრულმა ასლებმა ჩაანაცვლა. ამდენად, ვიდეოსალონების შემოსავალი დაეცა და მათი შენარჩუნება წამგებიანი გახდა.

ევროპული ქვეყნები და ქალაქები სულ უფრო ხშირად აბარებენ წარსულს საგნებს, რომლებიც ადრე პოპულარული იყო, მაგრამ დღეს აღარავის სჭირდება. კერძოდ:

ბრიუსელში გასული წლის 31 დეკემბერს სამუდამოდ დაიხურა გაზეთების ბოლო კიოსკი იმ 52 კიოსკიდან, რომელიც ბელგიის დედაქალაქში ოდესღაც მუშაობდა. ტუაზონ დ'ორის პროსპექტზე მდებარე ბოლო კიოსკი 38 წელი მუშაობდა. მისი მფლობელი 1 იანვარს პენსიაზე გავიდა.

იტალიაში გასულ წელს ქვეყანაში არსებული 16 ათასი სატელეფონო ჯიხური აიღეს. ისინი მხოლოდ საავადმყოფოებში, ყაზარმებში, ციხეებსა და მაღალმთიან სოფლებში დატოვეს, სადაც ფიჭური ქსელი არ არის. იტალიაში პირველი სატელეფონო ჯიხურები 1952 წელს გაჩნდა. 2017 წელს ფასიან ტელეფონებს, 2010 წელთან შედარებით, 80%-ით ნაკლებად იყენებდნენ დასარეკად. უმეტეს შემთხვევაში ფასიანი სატელეფონო ავტომატით რეკავდნენ ისინი, ვინც გადაუდებელ სიტუაციაში იმყოფებოდა.

გერმანულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Deutsche Telekom-მა 142 წლის შემდეგ ქვეყანაში სატელეფონო ჯიხურების ეპოქის დასასრული ჯერ კიდევ 2021 წელს გამოაცხადა. 2022 წელს გერმანიაში 12,000 მოქმედი სატელეფონო ჯიხური იყო შემორჩენილი. თავიდან „პეიფონებში“ ნაღდი ანგარიშსწორების სისტემა გაუქმდა და მოსახლეობას მათი გამოყენება მხოლოდ სატელეფონო ბარათით შეეძლო, თუმცა 2022 წელს ეს ფუნქციაც გაუქმდა. ჯიხურების სრული დემონტაჟი 2025 წელს დასრულდება. გერმანიაში მხოლოდ 3,000 ჯიხური დარჩება, რომლებიც მობილური დაფარვის გასაძლიერებლად ქსელური კავშირის პატარა ანძებად გადაიქცევა. დემონტირებული ჯიხურები მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერებზე გაიყიდება.

ესტონეთში გასული წლიდან გაზეთი, Eesti Päevaleht ორშაბათობით საქაღალდე ვერსიით აღარ გამოდის. ეს ერთადერთი დარჩენილი გამოცემა იყო, რომელიც ორშაბათობით ქაღალდით გამოიცემოდა. სხვა გაზეთებმა, Postimees-მა და Õhtuleht-მა ქაღალდის ნომრებზე ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს თქვეს უარი, ხოლო ბიზნესგაზეთმა, Äripäev-მა ქაღალდის გამოცემა გასული წლის შემოდგომაზე მთლიანად მიატოვა და ციფრულ ფორმატზე გადავიდა. გაზეთის მფლობელი კონცერნ Delfi Meedia-ს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხარჯების ზრდას უკავშირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ