რუმინეთი Louis Vuitton-ის ახალ კოლექციაში მისი ტრადიციული სამოსის გამოყენებას აპროტესტებს

რუმინეთის კულტურის სამინისტრო ფრანგული მოდის ცნობილ სახლ Louis Vuitton-ისგან იმის აღიარებას ითხოვს, რომ ახალი კოლექცია ქვეყნის სიბიუს ოლქის ქალის ტრადიციული ბლუზებით იყო შთაგონებული.

ამის შესახებ უწყების განცხადებაში წერია, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.

თავიდან ამ ინიციატივით სოციალური აქტივისტები გამოვიდნენ. ისინი აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ბრენდმა ქალის ბლუზის ახალი კოლექცია მისი დიზაინის წარმოშობისა და კულტურული მემკვიდრეობის მცველთა თანხმობის გარეშე გამოუშვა.

საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, რომ Louis Vuitton-მა ქალის ეს ბლუზები კოლექციიდან მანამდე ამოიღოს, ვიდრე სიბიუს მცხოვრებლებისგან თანხმობას არ მიიღებს.

რუმინელი აქტივისტები წლების განმავლობაში ცდილობენ, გლობალური ბრენდებისგან იმის აღიარებას მიაღწიონ, რომ მათი ზოგიერთი კოლექცია რუმინეთის ტრადიციული სამოსით არის შთაგონებული. არასამთავრობო ორგანიზაციას, La blouse roumaine-ს, რომელიც ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, სოციალურ ქსელებში უკვე ასეულობით ათასი გამომწერი ჰყავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ