ვალენსიაში მზის პანელებს სასაფლაოებზე ამონტაჟებენ

ესპანეთის ქალაქი ვალენსია ადგილობრივ სასაფლაოებზე 6,5 ათასზე მეტი მზის პანელის დამონტაჟებას გეგმავს, რომლებიც მუნიციპალურ შენობებსა და ზოგიერთ კერძო სახლს სუფთა ენერგიით მოამარაგებს.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

მზის პირველი 800 პანელი ვალენსიის სამ სასაფლაოზე უკვე დამონტაჟდა. ისინი წელიწადში 140 ტონაზე მეტ ნახშირორჟანგს „დაზოგავენ.“

ეს არის ერთ-ერთი ინიციატივა, რასაც ვალენსია ევროპის მწვანე დედაქალაქის სტატუსით ატარებს. ამასთანავე, ქალაქის მიზანია, ენერგიის 27% განახლებადი წყაროებიდან მიიღოს. ამის მისაღწევად მერიამ მრავალი საზოგადოებრივი შენობის სახურავი მზის ფერმებად უკვე გადააკეთა.

ცნობისთვის: წელს ევროპის მწვანე დედაქალაქი ვალენსია გახდება. ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტულს ევროკომისია 2010 წლიდან ანიჭებს ქალაქებს, რომელთა მოსახლეობაც 100 000-ზე მეტ მოქალაქეს შეადგენს. მათ მდგრადი განვითარების სფეროს ექსპერტთა საერთაშორისო ჟიური აფასებს. კანდიდატი ქალაქები 12 კრიტერიუმის მიხედვით ფასდება, როგორიც არის ჰაერისა და წყლის ხარისხი, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, მწვანე ურბანული ტრანსპორტი და მდგრადი განვითარება.

2025 წლის ტიტულის ფინალისტები ავსტრიის გრაცი, პორტუგალიის გიმარაინში და ლიეტუვის ვილნიუსი გახდნენ. გამარჯვებული მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გამოვლინდება, რომლის ცერემონიაც ტალინში გაიმართება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ