აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს არ მიიღებენ - Washington Examiner

Washington Examiner-ის ინფორმაციით, სამხრეთ კალიფორნიაში, აშშ-ის სასაზღვრო პატრულის აგენტებს გადაეცათ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 6 ქვეყნიდან აშშ-ში არალეგალურად ჩასულ მოქალაქეებს ქვეყანაში არ დაუშვებენ.

გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, აღნიშნული 6 ქვეყნიდან ამერიკაში არალეგალურად ჩასულ პირებს არც თავშესაფრის მოთხოვნის უფლება ექნებათ.

კერძოდ, შეზღუდვა ეხება შემდეგ ექვსი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეებს: საქართველო, მოლდოვა, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული პირები აშშ-ის იმიგრაციის და საბაჟო სამსახურებს გადაეცემათ ქვეყნიდან სწრაფად გასაყვანად.

„ყველა სხვა მიგრანტი აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან, რომლებიც არიან „ძნელად ან ძალიან ძნელად გასაყვანი ქვეყნებიდან“ გათავისუფლდებიან დოკუმენტებით, რომლებიც მათ აშშ-ის სასამართლოში გამოცხადებას დაავალდებულებენ“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საზღვრების დასაცავად ახალი ზომები დააწესა. ბაიდენის მიერ მიღებულის ზომების თანახმად, აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევები, მიგრანტები თავშესაფარს ვერ მიიღებენ.

ამასთანავე, აშშ-მა მსოფლიოს მასშტაბით აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ გააძლიეროს რეპატრიაციის პროცესი ისტორიულად „რთულ ქვეყნებში“. აღნიშნულის ფარგლებში უკვე განხორციელდა რამდენიმე ფრენა, რომლის საშუალებითაც, აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 15-მდე ქვეყანაში დააბრუნეს მიგრანტები.

მერი ტაბატაძე