ეკონომისტი აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ზიანი მიადგება საქართველოში ამერიკის მიერ 30-მდე დასანქცირებული პირის კეთილდღეობას.
ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ამერიკის მიერ სანქციებს ტრადიციულად მოჰყვება ხოლმე მოკავშირეების, ევროპის უმრავლესი ქვეყნის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და კანადის სანქციებიც. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს წინააღმდეგაც ისეთი ზომები გატარდება, რაც რუსი ოლიგარქების შემთხვევაში.
„მსურს მეტი ინფორმაცია გაგიზიაროთ იმაზე, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია აშშ-ს სანქციებს სანქცირებული ინდივიდების კეთილდღეობაზე. პოსტი გრძელი გამომივა წინასწარ ბოდიშს გიხდით.
ამ პოსტის დაწერა შთამაგონა ოცნების ცალკეული წევრების ვიზუალურმა სიმტკიცემ, რომ თითქოს აშშ-ს სავიზო შეზღუდვები არ ადარდებთ და არაფრის შეცვლას აპირებენ. სინამდვილეში, შეუძლებელია რომ ვერ აცნობიერებენ შემზარავ სურათს, რაც წინ ელოდებათ და რისი თვალსაჩინო მაგალითებიც წინ უდევთ.
სანამ დავიწყებ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს სანქციებს, დიდი ალბათობით, მოჰყვება აშშ-ს ტრადიციული მოკავშირეების, კერძოდ, ევროპის უმრავლესი ქვეყნის, კანადის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სანქციები. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს შემთხვევაში, გამოიყენებენ იმ სანქციებს, რომლებმაც კარგად იმუშავეს რუსი ოლიგარქების მიმართ. ესენია: სავიზო აკრძალვა, აქტივების გაყინვა და ფინანსური შეზღუდვები. გავაანალიზოთ თითოეულის სიმძიმე.
სავიზო აკრძალვა - 30-მდე ფიზიკურ პირს და მათ ოჯახებს უკვე შეეხო. არ ვიცით, ვინ არიან, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე, მმართველობის უმაღლესი რგოლის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ. როგორც ტერორისტებს, სანქცირებულ პირებსაც აღარ ელაპარაკებიან. ეს სტრატეგია გულისხმობს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, აშშ ტოვებს სივრცეს სავაჭროდ პოლიტიკის დამკვეთებისთვის. დროის გასვლასთან ერთად, სანქცირებულთა სია ეტაპობრივად გაფართოვდება და მასში მოხვდება უკლებლივ ყველა, ვინც რაიმე ფორმით მონაწილეობს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაში. დამატებით ახსნას არ საჭიროებს თუ რა გავლენა ექნება აღნიშნულ სანქციას სანქცირებულ პირთა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე. მაგალითად, ცნობილია, რომ ალუდა ღუდუშაურმა, ბექა ოდიშარიამ და ირაკლი ჩიქოვანმა "იჩალიჩეს" რომ მათი შვილები ამერიკაში დაბადებულიყვნენ. ეჭვს არ იწვევს თუ რას დაუკავშირეს მათ მომავალი უზრუნველი ცხოვრება. ისინი კარგად უნდა იცნობდნენ რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიბასკის ქეისს, რომელმაც ასიათასობით დოლარი დახარჯა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. უფრო მეტიც, დერიპასკა და მასთან დაკავშირებული პირები დაიჭირეს. იცნობენ რა დერიპასკას გავლენებს და ფინანსურ შესაძლებლობებს, ქართველ მეოცნებეებს აზრადაც არ მოუვათ მსგავსი მაქინაციების წამოწყება. საზოგადოდ, როგორ შეიძლება სანქცირებულ პირს არ ანაღვლებდეს ის ფაქტი, რომ ვერც ის და ვერც მისი ოჯახის წევრები ვერასოდეს შედგამენ ფეხს ცივილიზებულ სამყაროში. სანქცირებულ პირს არც განქორწინება უშველის და არც შვილზე უარის თქმა. დავუშვათ სავიზო აკრძალვა არ ანაღვლებთ,
აქტივების დაყადაღება - ეხება ნებისმიერ აქტივს, როგორიცაა ნაღდი ფული, იქაური საბანკო ბარათები, ფასიანი ქაღალდები, ყველანაირი უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც აშშ-ს იურისდიქციაშია და შემდგომ პერიოდში, ყველა აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის იურისდიქციაში. როგორც წესი, მდიდარი ადამიანებისთვის დამახასიათებელია აქტივების დივერსიფიკაცია. ერთი მხრივ, აქტივმა უნდა მოგცეს სარგებელი, ხოლო მეორე მხრივ, უნდა იყოს უსაფრთხო. ერთი მხრივ, დასავლური კაპიტალი ტრანსეროვნული კორპორაციების მეშვეობით მსხვილი ულუფებით როგორებით შედის/შედიოდა განვითარებად სამყაროში (ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აზია, რუსეთი...), მეორე მხრივ, განვითარებად სამყაროში გამდიდრებული ინდივიდები და უმეტესად, ოლიგარქები საკუთარ აქტივებს ანდობენ დასავლეთს. დიდი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ მაგალითად, "ჰუავეის " სჯობს "ეფლის" აქციების შესყიდვა; უძრავი ქონების ყიდვა ესპანეთში (და ამასთან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში) უკეთესია, ვიდრე ჩინეთში და ა.შ. მაგალითად, სანქციების შემოღებიდან ერთ წელში ფრიდმანმა $15.8 მილიარდი, ხოლო დერიპასკამ $7.5 მილიარდი დაკარგეს. ერთი წლის წინ მიხაილ ფრიდმანი იმასაც ამბობდა, რომ ისეთი მცირე ხარჯების გაწევაც კი არ შეეძლო, როგორიცაა საზღვარგარეთ სახლის დალაგება (მარტივი გადასამოწმებელია). არც ესაა ყველაფერი. აღნიშნული კატეგორიით სანქცირებული პირის ბიზნესი ასევე საფრთხეშია, მაგალითად, თუ იგი ფლობს ისეთ კომპანიას, რომელსაც რაიმე საქმიანი ურთიერთობა აქვს ისეთ კორპორაციებთან, რომლებიც დამსანქცირებელთა ქვეყნების იურისდიქციაშია (ან ამ კორპორაციებს აქვთ ურთიერთობა დამსანქცირებელი ქვეყნების კომპანიებთან). OFAC ისეთი ოხერი სტრუქტურაა, რომ ყველგან მიწვდება. არა მხოლოდ ბიზნესი, მაგალითად, დასანქცირებული პირი რომ დუბაიში ფლობდეს უძრავ ქონებას, იქაც მიწვდება და სთხოვს შესაბამის სტრუქტურას ზომების მისაღებად. როგორ შეიძლება ეს საკითხი არ ანაღვლებდეთ? დავუშვათ ესეც არ ანაღვლებთ.
ფინანსური შეზღუდვა - აღარაფერს დავამატებ იმას, რომ საბანკო ბარათებით, როგორიცაა, ვიზა და მასტერ ქარდები, დოლარში და შემდგომ სავარაუდოდ, ევროშიც გადარიცხვები ეკრძალებათ წინა შეზღუდვის მიხედვით. ამ ნაწილში საქმე კიდევ უფრო მძიმედაა. ქართულ ბანკებს არა აქვთ საკუთარი საგადასახადო სისტემა. მადლობა ღმერთს, ისინი არ იყენებენ არც რუსეთის MIR-ს და არც ჩინეთის UnionPay-ს. ქართული საბანკო სისტემა ჩართულია SWIFT-ში. ეს კი ნიშნავს, რომ ამ კატეგორიაში მოხვედრილი პირები ქართული ბანკების გაცემული ბარათებითაც ვერ ისარგებლებენ. ლარის გადარიცხვაც კი პრობლემური ხდება. გავიხსენოთ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად წოდებულმა ინდივიდუალურად გამოსცა ქვეყნის დამაზიანებელი ბრძანება, ქართული ბანკები არ დაემორჩილნენ ეროვნული ბანკის დირექტივას. ბოლოს, გამოსავალი მონახეს ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაში. ამ უკანასკნელს კი მოუწია ყველა ანგარიშის დახურვა ქართულ ბანკებში და საკუთარი აქტივების შვილისთვის გადაფორმება.
როგორ შეიძლება რომ ამ ყველაფერს ვერ აცნობიერებდნენ? ", - წერს ეკონომისტი აკაკი ცომაია.
იხილეთ ასევე: აშშ-მა სავიზო სანქციები საქართველოს 24-დან 36-მდე მოქალაქეს დაუწესა
“ფინანსურ სანქციებამდე მოკლე მანძილია” - რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები