აზერბაიჯანი შესაძლოა, საქართველოსთვის საწვავის ძირითადი მომწოდებელი გახდეს

მიმდინარე თვეში, აზერბაიჯანი ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის წარმოებას იწყებს. აქამდე, ეკოლოგიური სტანდარტით ქვეყანა მხოლოდ დიზელს აწარმოებდა, შესაბამისად, საქართველოშიც მხოლოდ დიზელის იმპორტი ხორციელდებოდა.

მიუხედავად ამისა, სტატისტიკურად, ჩვენი ქვეყნისთვის აზერბაიჯანი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორების ოთხეულშია. კერძოდ, წელს 4 თვეში, საქართველომ ჯამში 494 176 ტონა (422.642 მლნ აშშ დოლარი) ნავთობპროდუქტები შეიძინა, საიდანაც 39 845 ტონა (32.918 მლნ აშშ დოლარი) აზერბაიჯანული საწვავი (დიზელი) იყო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს 4 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი 402%-ით არის გაზრდილი. შარშან საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან მხოლოდ 7 922 ტონა (7.219 მლნ აშშ დოლარი) საწვავი შემოვიდა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბაქოში ქარხნების გადაიარაღება აქტიურ ფაზაში შევიდა (რათა ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინი ეწარმოებინა), ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებდნენ, რომ, „ეს იქნება საქართველოსთვის წამალი“, რადგან აზერბაიჯანული საწვავი ევროპაშიც ჩვენი ქვეყნის გავლით მოხვდება. ამასთან, ტრანსპორტირების ხარჯის შემცირება, რაც ადგილობრივ ბაზარზე დადებითად აისახება, რადგან საწვავი იაფი დაჯდება.

როგორც „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, სრულიად შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის საწვავის ძირითადი მომწოდებელი გახდეს, თუმცა ეს უფრო ქარხნების წარმადობაზე და შემოთავაზებულ ფასზე იქნება დამოკიდებული.

„არის ასეთი ინფორმაცია, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანმა მოგვაწოდოს ბენზინი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ჩვენს კანონმდებლობასთან. ამ პროცესის დაწყებას, დიდი მოლაპარაკებები არ სჭირდება, რადგან აზერბაიჯანი ძალიან ახლოს არის. ალბათ, ძირითადი მომწოდებელი იქნება „სოკარი“, რადგან აზერბაიჯანი საქართველოს დიზელს სწორედ აღნიშნული კომპანიის საშუალებით აწვდის. სავარაუდოდ, იგივე სქემა იქნება ბენზინის შემთხვევაშიც. თუ ღირებულება (ჩვენ საზღვრამდე მოწოდებული), უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე რუსეთიდან, მაშინ შესაძლებელია, მთავარი იმპორტიორების გადანაცვლება ჩვენს ბაზარზე. უბრალოდ, ჯერ არ ვიცით, ფასის შესახებ არაფერი.

შეიძლება, სრულად ვერ მოხდეს სხვა ქვეყნების ჩანაცვლება, რადგან ჩვენ არც ის ვიცით, რა რაოდენობას შემოგვთავაზებენ, ფასი და ხარისხიც გასათვალისწინებელია. თუმცა, თუ ყველაფერი მისაღები იყო, მაშინ აზერბაიჯანი შეიძლება გახდეს ძირითადი მომწოდებელი“,- ამბობს ზაალ იაკობიძე.

ცნობისთვის, კომპანია SOCAR-ის კუთვნილი ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ევრო 5-ის ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად საავტომობილო ბენზინის წარმოებას მიმდინარე თვეში დაიწყებს.

როგორც სააგენტო Report-ს SOCAR-ში განუცხადეს, „ქარხანამ ევრო 5-ის სტანდარტებით დიზელის საწვავის წარმოება 2023 წლის მაისში დაიწყო. ამჟამად კი, ქარხანა მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს, რის შემდეგაც ის კასპიის რეგიონის ყველა სახის ნავთობის გადამუშავებას შეძლებს.

ამასთან, მოდერნიზაციის შემდეგ ქარხანა წელიწადში 2 მლნ ტონა საავტომობილო ბენზინს, 2,9 მლნ ტონა დიზელის საწვავს, 1 მლნ ტონა რეაქტიულ საწვავსა და 390 ათას ტონა ნავთობქიმიურ პროდუქციას აწარმოებს. პროექტის დასრულება 2027 წელს იგეგმება.

ნინი ქეთელაური