2022 წელს ბანკების კლიენტებს შორის 146 უცხო ქვეყნის პოლიტიკურად აქტიური პირი იყო

2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ ბანკებს კლიენტებს შორის ჰყავდათ 146 უცხო ქვეყნის პოლიტიკურად აქტიური პირი, მისი ოჯახის წევრი ან მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.

MONEYVAL-ის ანგარიშში, რომელიც თან ერთვის პრემიერის „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულებას, სხვა საფინანსო ინსტიტუტებს შორის ასეთი კლიენტების რაოდენობა უმნიშვნელო იყო.

ანგარიშის თანახმად, ბანკების კლიენტი უცხო ქვეყნის პოლიტიკურად აქტიური პირების აბსოლუტური უმეტესობა სხვა სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები არიან.

„ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველო არ წარმოადგენს სხვა ქვეყნების პოლიტიკურად აქტიური პირების მიერ დაგროვილი ქონების ინვესტირებისთვის სასურველ ადგილს. ამას ნაწილობრივ ისიც განაპირობებს, რომ დაგროვილი ქონების მართვას არ უკავია მნიშვნელოვანი წილი საქართველოში მოქმედი ბანკების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების პორტფელში“, - ვკითხულობ, ანგარიშში.

მერი ტაბატაძე