ვის საკუთრებაშია მიკროსაფინანსოები, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა ჯამში 29 ათასი ლარით დააჯარიმა

დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. საუბარია "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორსა“ და "მისო ქართული კრედიტზე".

როგორც სებ-ის განმარტებაში ვკითხულობთ, ორივე მათგანს ჯამში 29 000 ლარის სანქცია დაეკისრა.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, "მისო ქართული კრედიტის“ შემთხვევაში გამოვლინდა, შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 6 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები ექვსი დარღვევისთვის სულ - 12,000 ლარი.

ასევე, აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პერიოდში, გამოვლინდა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 1 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1,000 ლარის ოდენობით.

შედეგად, „მისო ქართული კრედიტს“ ჯამში 13 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

რაც შეეხება "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორს", ეროვნული ბანკის ცნობით, შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, სებ-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხოლო, ნახსენები 3 დარღვევისთვის სულ - 6,000 ლარი;

გარდა ამისა, "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორის" შემოწმების პერიოდში გამოვლინდა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის კიდევ 10 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხოლო, ნახსენები დარღვევის 10 შემთხვევისათვის, სულ - 10,000 ლარი.

შესაბამისად, საერთო ჯამში, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორი“ დაჯარიმდა - 16,000 ლარის ოდენობით.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორი“ 2011 წელს არის რეგისტრირებული. მესაკუთრეები არიან ლია მაღრაძე და ეკატერინე კახიანი (50-50%-ანი წილებით), დირექტორია ეკატერინე კახიანი.

რაც შეეხება "მისო ქართული კრედიტს“, სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის შემადგენლობაში არიან: ნანა მიქაშავიძე, იორგ ვულფკენი, თომას შიფლერი, გიორგი ნასყიდაშვილი, ედდა შრიოდერი, კონსტანტინე სულამანიძე. დირექტორია გიორგი სამადაშვილი.

როგორც „რეპორტალიდან“ ჩანს, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის აქციონერები შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი სახით: ვულფკენ იორგი - 28.28%, შპს ფრაუენფინანცტროიჰანდ - 17.74%, გერტ ვარნეკე - 14.78%, დოქტორი ნორბერტ კრანცი - 14.12%, თომას შიფლერი - 13.25%, 10% ნაკლები წილის მფლობელი აქციონერები - 11.83%.

ნინი ქეთელაური