„საფინანსო სექტორს თავის როლის შესრულება გაუჭირდება“ - რამ განაპირობა ფინანსებში უარყოფითი ინვესტიცია

ბოლო წლების განმავლობაში პირველად, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საფინანსო და სადაზღვევო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფით ნიშნულზეა.

საქსტატის მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საფინანსო სექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -44 398 500 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ უარყოფითი მაჩვენებელი ბოლოს 2019 წლის მე-2 კვარტალში იყო (-22 246 400 დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი გიორგი პაპავა აღნიშნავს, რომ დამაფიქრებელია საფინანსო სექტორში FDI-ის შემცირება, რადგან პირველ კვარტალში ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგები ჯერ კიდევ არ იყო მატერიალიზებული. ამ ფონზე ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რა იქნება მომდევნო კვარტლებში.

„საფინანსო სექტორის ეს მონაცემები მეორე კვარტალში რომ ყოფილიყო, ახსნადი იქნებოდა პოლიტიკური არასტაბილურობით. მაგრამ როცა ამ არასტაბილურობას მაისის თვეში შევხვდით, დაბალი მაჩვენებლით კიდევ უფრო კითხვებს აჩენებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გველოდეს მომავალ თვეებში.“, - აღნიშნავს გიორგი პაპავა.

საყურადღებოა ისიც, რომ წინა წლების მონაცემების გათვალისწინებით, საქართველოში მსხვილი ინვესტიციები ძირითადად გაერთიანებული სამეფოდან ხორციელდებოდა, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბრიტანეთი უმსხვილესი ქვეყნების ათეულშიც კი ვერ მოხვდა. მეტიც, ბრიტანეთის შემთხვევაშიც ინვესტიციებმა 95 994 000 დოლარი შეადგინა.

პაპავა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის წილი საფინანსო სექტორში ყოველთვის პოზიტიური იყო. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოდან უარყოფითი ინვესტიციები საფინანსო და არამარტო ფინანსურ სექტორს უნდა უკავშირდებოდეს.

„დიდი ბრიტანეთიდან საფინანსო სექტორში განსაკუთრებით პოზიტიური მაჩვენებლები მომდინარეობს ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორიდან უარყოფითი ინვესტიცია ფინანსურ და არამარტო ამ სექტორს უნდა უკავშირდებოდეს“, - დასძინა მან.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ მომდევნო კვარტალში საფინანსო სექტორში ინვესტიციები კვლავ უარყოფითი დარჩეს, ეკონომისტი გვპასუხობს, რომ რთულია ამის პროგნოზირება, თუმცა პოზიტიურ მაჩვენებლებს არ ელოდება.

„ძალიან გაუჭირდება საფინანსო სექტორს უახლოეს კვარტლებში იგივე როლის შესრულება, რასაც ასრულებდა წლების განმავლობაში. ისევ უარყოფითი იქნება თუ არა მომდევნო კვარტლებში, რთულია ამის პროგნოზირება, მაგრამ პოზიტიურს არ ველოდებით. ძალიან მერყევია საქართველოში ინვესტიციები. ფაქტია, რომ კითხვები უნდა დავსვათ და ჯერჯერობით არ არის ცალსახა, რამდენად შეძლებს საფინანსო სექტორი იმ ლოკომოტივის შესრულებას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რომელსაც ის ასრულებდა ბოლო წლებში“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია.

მერი ტაბატაძე