„ამ ეტაპზე დაზიანებულია 26 სახლი“ -  რა ვითარებაა ამჟამად იმერეთში

„გუშინდელი სტიქიის შედეგად იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა. ყველაზე მეტად ზესტაფონის და ბაღდათის მოსახლეობა დაზარალდა, განსაკუთრებით სოფლები - მეორე სვირი და ყუბჩი“ - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, აქედან ორ სოფელში ელექტრომომარაგება უკვე აღდგა. დღის ბოლომდე კი დარჩენილ ხუთ სოფელშიც აღდგება.

„ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, დაზიანებულია 26 სახლი“ - განაცხადა შალამბერიძემ.

გუბერნატორის თქმით, ამჟამად მუნიციპალიტეტები ითვლიან და გარკვეული დროის შემდეგ ზარალის ზუსტი რაოდენობა ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი სეტყვა იმერეთში 9 ივნისს მოვიდა.

ეკა დარჩიაშვილი