საქართველოში ფულადი გზავნილები ინვესტიციებს 4-ჯერ აღემატება

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამავე პერიოდში ქვეყანაში განხორციელებულ ფულად გზავნილებს 4-ჯერ ჩამორჩება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 201.4 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია, 2023 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 566.4 მლნ დოლარი იყო. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით კი, იანვარ-მარტში გადმორიცხვების მოცულობამ 813.965 მლნ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციითვე, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - 42.4 მლნ დოლარი თურქეთიდან განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი - 41.5 მლნ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 33.7 მლნ დოლარით. ხუთეულში შედიან - ნიდერლანდები - 32.3 მლნ დოლარით და მარშალის კუნძულები - 22.3 მლნ დოლარის ინვესტიციით.

ინვესტიციების მსგავსად 2024 წლის პირველ კვარტალში შემცირდა ფულადი გზავნილებით, თუმცა აქ კლებამ 35.1% შეადგინა. კერძოდ, თუ 2023 წლის სამ თვეში ფულადი გზავნილების მოცულობა შეადგენდა 1.255 მლრდ დოლარს, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 813.965 მლნ დოლარამდე შემცირდა.

ყველაზე დიდი მოცულობით თანხა, წელს პირველ კვარტალში რუსეთიდან გადმოირიცხა - 182.839 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია - 134.799 მლნ დოლარით, მესამე ადგილზეა აშშ - 123.994 მლნ დოლარის ფულადი გზავნილებით. ხუთეულში შედიან - ისრაელი -59.404 მლნ დოლარით და საბერძნეთი - 58. 420 მლნ დოლარი.