2023 წელს შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობის მიმართულებით 5 544 ინსპექტირება ჩატარდა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანგარიშის წარდგენისას, მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ ყურადღება იმ რეგლამენტებსა და ნორმებზე გაამახვილა, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით იქნა მიღებული, ასევე, ისაუბრა შრომითი უფლებების აღსრულებისა და მონიტორინგის სისტემაზე.

მისი თქმით, ინსპექტირებების გაზრდილმა ოდენობამ, დასაქმებულებსა და დამსაქმებელთან დაბალანსებულმა, პარტნიორულმა მიდგომამ, ცნობიერების ამაღლების კამპანიებმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო შრომის უსაფრთხოების დაცვას და უბედური შემთხვევების შემცირებას.

მომხსენებლის ინფორმაციით, სამსახურმა 2023 წელს შრომის უსაფრთხოების ნორმებსა და შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით 5544 ინსპექტირება ჩაატარა, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ინსპექტირებები 82 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო. მნიშვნელოვანია, რომ 23%-ით გაიზარდა იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებმაც პირველივე გადამოწმებისას სრულად აღმოფხვრეს დარღვევები. აღსანიშნავია, რომ თითქმის 42%-ით შემცირდა სამუშაო ადგილზე მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების მაჩვენებელი.

რაც შეეხება შრომით უფლებებზე ზედამხედველობას, მთავარი შრომის ინსპექტორის განცხადებით, ამ მიმართულებით ჩატარებული ინსპექტირებები 72 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო. იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩატარდა 300-ზე მეტი ინსპექტირება. სამედიცინო სექტორში მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებაზე ზედამხედველობის მიზნით ჩატარებული ინსპექტირებები სამედიცინო სექტორში დასაქმებულ 24 000-ზე მეტ პირს შეეხო.

უწყების მანდატს 2023 წლის სექტემბრიდან ასევე დაემატა შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების აღსრულებაზე კონტროლი.

როგორც მთავარმა შრომის ინსპექტორმა აღნიშნა, სამუშაო ადგილზე ფატალურ უბედურ შემთხვევათა კლების ტენდენცია 2024 წელსაც ნარჩუნდება და ინსპექტირებათა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება.

„მსურს პარლამენტის და კომიტეტის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თავდაუზოგავი შრომისათვის. ეს თქვენი საქმიანობის შედეგებითაც გამოიხატება, ვინაიდან ყოველწლიურად უკეთესი სტატისტიკა გაქვთ და ვიმედოვნებ, ეს ტენდენცია იქნება შენარჩუნებული. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კუთხით გაწეული საქმიანობაც, ასევე ხაზგასასმელია თქვენი თავდადებული შრომა სამედიცინო პერსონალის დროულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა