საჯარო რეესტრში ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი იქმნება - აღნიშნული ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაში“.
იუსტიციის მინისტრის 7 ივნისის ბრძანებით, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა, ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა, აგრეთვე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება.
ამასთან, დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სააგენტოსთვის, როგორც ანგარიშვალდებული პირისათვის, განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარესთან კოორდინაციით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ აქტებზე მუშაობა;
გ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
დ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
ე) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.“.
ბრძანება ძალაში 2024 წლის 1-ლი ივლისიდან შედის ძალაში.