ლატვიაში საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ

ლატვიაში ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა გაერთიანაებამ“ მოამზადა გადაწყვეტილების პროექტი, რომლითაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამთავრობო რეგულაციების შეცვლა ევალება, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობა აეკრძალოთ.

ინფორმაციას Delfi ავრცელებს.

საპარლამენტო ფრაქცია განათლების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ამჟამად ლატვიის სკოლებში ბელარუსისა და რუსეთის 214 მოქალაქე მუშაობს. ეს, ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, მიუღებელია, რადგან „ლატვიაში ახალ თაობას აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები ზრდიან და ასწავლიან.“

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლატვიის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორის, მათთვის, ვისაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვს, ქვეყანაში ყოფნის წესები გაამკაცრა. ბევრი მათგანი ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა ქვეყანაში. ესენი უფრო საპენსიო ასაკის ადამიანები არიან, რომლებიც ბალტიისპირეთში საბჭოთა დროიდან ცხოვრობდნენ, მაგრამ რუსეთის მოქალაქეებად რჩებოდნენ.

ამასთან, 2022 წლის სექტემბერში ლატვიის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შენგენის ვიზით შესვლა აუკრძალა, რომლითაც მათ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლოთ მგზავრობა. მთავრობა მაშინ აცხადებდა, რომ ევროკავშირში მოგზაურობა არის „პრივილეგია, რომელიც ადამიანის უფლებებს არ განეკუთვნება.“ გამონაკლისი მხოლოდ სატვირთო მანქანების მძღოლებზე, დიპლომატებზე და ქვეყანაში ჰუმანიტარული მიზეზების გამო შესულ პირებზე ვრცელდება.

მიმდინარე წლის თებერვალში ლატვიის სეიმმა ლატვიელ სპორტსმენებს რუს და ბელარუს სპორტსმენებთან შეჯიბრი იმ შემთხვევაშიც კი აუკრძალა, როცა ისინი შეჯიბრში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ. თუმცა ეს აკრძალვა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ლატვიელ სპორტსმენებს არ ეხება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ