ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო.

ცნობისთვის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას უტარდება.

„პროექტი ქუვეითის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარი დაგებულია 21 კმ-ზე, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე მიმდინარეობს მიწის ექსკავაციისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი.

განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა,“- ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი