ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოს ორი სანატორიუმი აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. კერძოდ, წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ აუქციონზე 5 135 000 ლარად იყიდება.
საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
3 124 500 ლარად იყიდება სანატორიუმი „რკინიგზელი“ აუქციონზე. პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე უნდა აშენდეს მინიმუმ 80-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი, აღნიშნულისთვის ინვესტიციამ 9 373 500 ლარი უნდა შეადგინოს.
შეგახსენებთ, წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა.
ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი გრძელდება.
იხილეთ ასევე: სამორინე, სასტუმროები, გამაჯანსაღებელი ცენტრი - რისი გაკეთება იგეგმება წყალტუბოს სანატორიუმებში
ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წყალტუბოს სანატორიუმები იყიდეს