რა იცვლება 1-ლი ივლისიდან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობასთან დაკავშირებით

1-ლი ივლისიდან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ვადები იცვლება.

კერძოდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, თბილისში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობების შემთხვევაში, თუ გავიდა სამუშაოების ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული, ან დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, ან თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო განუსაზღვრავს დამრღვევს 90-დღიან ვადას შესაბამისი თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ დაიწყება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

თუმცა, ეს ვადაც (90 დღე) შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით, თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა შესაბამისი განცხადება და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

ასეთ შემთხვევაში, პირი თავისუფლდება შესაბამისი ჯარიმის გადახდისაგან.

როგორც პროექტშია აღნიშნული, ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებულ მშენებლობაზე, ეს ცვლილებები გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებული მშენებლობისას გაზრდილი ფართობი არ აღემატება 10 კვადრატულ მეტრს.

ნინი ქეთელაური