მსოფლიოში მილიონერების რაოდენობა 5.1%-ით გაიზარდა - როგორია მათი მთლიანი ქონება

მსოფლიო დოლარიანი მილიონერის მთლიანი ქონება 2023 წელს 4,7%-ით გაიზარდა და 86,79 ტრლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ კომპანია Capgemini-ის World Wealth Report-ში წერია.

ქონების ზრდას ხელი შეუწყო ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც ინფლაციური წნეხის შემცირება და მსოფლიო ბაზრების აღდგენაა. შედეგად მაჩვენებელმა 2022 წლის ბოლოსთვის დაფიქსირებული 3,6%-იანი კლებაც ამოიგო და 2021 წლის რეკორდულ დონეს, ანუ, თითქმის, 86 ტრლნ დოლარს გადააჭარბა.

2016-2023 წლებში საშუალოწლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 4,6% შეადგინა.

რეგინოების მიხედვით 2023 წელს მდიდრების მთლიანი ქონების ზრდა ასეთია:

  • ჩრდილოეთ ამერიკაში - 7,2%-ით, ანუ 27,5 ტრლნ დოლარამდე
  • ლათინურ ამერიკაში - 2,3%-ით, 9,4 ტრლნ დოლარამდე
  • ევროპაში - 3,9%-ით, 18,9 ტრლნ დოლარამდე
  • ახლო აღმოსავლეთში - 2,9%-ით, 3,5 ტრლნ დოლარამდე
  • აზიაში - 4,2%-ით, 25,7 ტრლნ დოლარამდე

მდიდრების ქონება გასულ წელს მხოლოდ აფრიკაში შემცირდა და 1%-ით ნაკლები, ანუ 1,8 ტრლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება თავად მდიდარი ადამიანების რაოდენობას (high-net-worth individual-HNWI), გასულ წელს მაჩვენებელი 5,1%-ით, 22,828 მლნ კაცამდე გაიზარდა.

რეგიონების მიხედვით HNWI-ის რაოდენეობამ ერთ წელში მოიმატა:

  • ჩრდილოეთ ამერიკაში - 7,1%-ით, 7,875 მილიონ ადამიანამდე, რაც 2021 წლის 7,899-მილიონიან რეკორდულ მაჩვენებელზე ნაკლებია
  • ლათინურ ამერიკაში - 2,7%-ით, 642 ათასი
  • ევროპაში - 4%-ით, 5,8 მილიონი
  • ახლო აღმოსავლეთში - 2,1%-ით, 898 ათასი
  • აზიაში - 4,8%-ით, 7,39 მილიონი
  • აფრიკაში - უცვლელი, 195 ათასი

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მსოფლიო მილიონერების სიმდიდრის 21% აქციების სახით ინახებოდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 23%-ს შეადგენდა. მთლიანი ქონების 25% ნაღდ ფულსა და ეკვივალენტებში (34% ერთი წლის წინ), ფიქსირებულ საშემოსავლო აქტივებში 20% ( 15%), უძრავ ქონებაში 19% (15%), ხოლო ალტერნატიულ ინსტრუმენტებში 15% (13%) ინახებოდა.

Capgemini-ის კვლევამ აჩვენა, რომ მდიდრები ისეთივე ემოციურები არიან, როგორც სხვა ადამიანები. კერძოდ, 65%-ზე მეტი აცხადებს, რომ მიკერძოება-მიდრეკილება განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს, როგორიც ქორწინება, განქორწინება ან პენსიაზე გასვლაა, მათ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ