„ეროვნულმა ბანკმა აურია - აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო მანიპულაციებს ეწევა“

„ეროვნულმა ბანკმა აურია” - „ევროოპტიმისტების“ ლიდერი და დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის მიერ ახლახან 60 მილიონი დოლარის გაყიდვას ეხმაურება. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ეროვნულმა ბანკმა აურია. მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკას დაუბრუნდა. ჯერ იყო და რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, შემდეგ წარმოუდგენელი მოცულობის რეფინანსირების სესხების გასცა კომერციულ ბანკებზე: 30 მაისს 3,8 მილიარდი ლარი (ისტორიული მაქსიმუმი), 6 ივნისს 3,7 მილიარდი ლარი. პარალელურად, 168 მილიონი დოლარი გაყიდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, (მათ შორის 60 მილიონი დოლარი დღეს) ლარის მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად (ანუ უკან ამოიღო დაახლოებით 460 მილიონი ლარი).

ეროვნული ბანკი აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო მანიპულაციებს ეწევა. ამასობაში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 5,2 მილიარდი დოლარიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ადეკვატურობის ზღვარს საკმაოდ ჩამოცდა.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ქვეყანა სერიოზული რისკების წინაშე აღმოჩნდა“ - წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი დღეს გაყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი 16 მაისსაც გამართა. მაშინ სებ-მა ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა.

ამის შემდეგ, 28 მაისს სებ-მა სავალუტო აუქციონზე ისევ 60 მლნ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლო 48.7 მილიონი დოლარი გაყიდა.

16 მაისიდან, ეს უკვე ეროვნული ბანკის მე-3 სავალუტო აუქციონია. 3 კვირიან პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ჯამში, 168.7 მლნ დოლარი გაყიდა.

ეკა დარჩიაშვილი