ნოდარ ხადურმა და დავით ნარმანიამ დიპკორპუსს სტიქიის შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდეს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა და დედაქალაქის მერმა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს გააცნეს ინფორმაცია 13-14 ივნისს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და ამჟამად დედაქალაქში მიმდინარე სამაშველო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. საუბარი შეეხო კონკრეტული დახმარების საკითხებს, როგორც ფინანსური და ტექნიკური ხასიათის, ასევე ექსპერტული და სარეკონსტრუქციო მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს პერიოდში, ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინაციით დიპლომატიური მისიებისთვის მოამზადებს ერთიან დოკუმენტს, რომელშიც ასახული იქნება დეტალური ინფორმაცია, რათა თითოეულმა საელჩომ კონკრეტულად იმუშაოს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტული პროექტებისთვის ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების გამოსაყოფად.

ასეთივე ფორმატის შეხვედრა გუშინ ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გაიმართა.