„ინვესტორების მოლოდინი გადაიზარდა რეალობაში“ - რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა?

­„ყველაზე ძლიერ ფაქტორი, რამაც იმოქმედა ლარის გაუფასურებაზე, იყო პოლიტიკური გარემო, რომელშიც აღმოჩნდა დღეს საქართველო“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა და ანალიტიკოსმა მიხეილ თოქმაზიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ჩვეულებრივ რეჟიმში განაპირობებს ხოლმე ლარის გაუფასურებას, ამ ეტაპზე არის მყარი. აქედან გამომდინარე, ეროვნული ვალუტის გაუფასურება განაპირობა ქვეყანაში მიმდინარე არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ.

„რა კურსს იღებს ქვეყანა და საით გადაწყდება მისი კავშირების ბედი, როგორ განვითარდება მოვლენები, ამასთან დაკავშირებით გაურკვევლობამ შექმნა პანიკაც, შიშებიც და ამან იმოქმედა ინვესტორებზე, გაუჩნდათ მოლოდინები, რომ ლარის კურსი შესაძლოა გაუფასურებულიყო, შემდეგ უკვე ეს მოლოდინი გადაიზარდა რეალობაში და ლარმა დაიწყო გაუფასურება“, - ამბობს ანალიტიკოსი.

თოქმაზიშვილმა შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზრებზე ინტერვენციაც. მისი თქმით, სებ-ი რომ არ ჩარეულიყო ბაზარზე, შედეგი ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა, ხოლო გაცილებით მკაცრი ზომები რომ მიეღო, ასეთ შემთხვევაში გაუფასურება შენელდებოდა, თუმცა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები გავლენას მაინც მოახდენდა და ამ შემთხვევაში გაუფასურება ნახტომისებრი იქნებოდა.

„ეროვნული ბანკის ჩარევით გარკვეულწილად შერბილდა ეს პროცესი. ჯობს ცოტა-ცოტა გაუფასურდეს და გარკვეული ადაპტაციის საშუალება მიეცეს ეკონომიკურ სუბიექტებს და აქედან გამომდინარე, უმტკივნეულოდ გადაიარონ პროცესი. მაგრამ თუ ეს პროცესი არ განეიტრალდა და არ უჩვენა საქართველომ რას გააკეთებს, მომავალში შესაძლებელია ფასებზეც გაიზარდოს“, - განაცხადა თოქმაზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლარმა გაუფასურება მაისის დასაწყისში დაიწყო. 1-ლი მაისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით 16.4 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 17.8 თეთრით არის გაუფასურებული. 1-ელ მაისს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6849 ლარი იყო, დღევანდელი ოფიციალური კურსით კი 2.8490 ლარია. რაც შეეხება ევროს კურსს, მაისის დასაწყისში ის 2.8804 ლარი ღირდა, 10 ივნისს სებ-ის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით კი ერთი ევრო 3.0584 ლარია.

დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:30 საათისთვის 1 დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება. გაუფასურების შესაჩერებლად, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 16 მაისიდან, ეს უკვე ეროვნული ბანკის მე-3 სავალუტო აუქციონია. 3-კვირიან პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ჯამში, 168.7 მლნ დოლარი გაყიდა.

მერი ტაბატაძე