„უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოსა და EU-ს შორის“ - ესტონეთის პარლამენტმა დადგენილება მიიღო

ესტონეთის პარლამენტმა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ იმსჯელა და დადგენილება მიიღო. დადგენილებას მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 კი წინააღმდეგ წავიდა.

ესტონეთის პარლამენტი გმობს აღნიშნულ კანონს და აცხადებს, რომ ის რუსეთის მიერ მიღებული იმ კანონის ანალოგია, რომელსაც ვლადიმერ პუტინი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებისთვის.

ამასთანავე, დადგენილებით ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს აღნიშნული კანონი და დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს. გარდა ამისა, ესტონეთი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალის გამოყენება.

ესტონეთის პარლამენტი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას და არ გააუქმებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ესტონეთმა უნდა დაბლოკოს ევროკავშირის საბჭოში საქართველოს EU-ში გაწევრიანების შესახებ ყველა პროცესი.

გარდა ამისა, ესტონეთის პარლამენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროპულმა საბჭომ დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლების წევრების, პარლამენტის ლიდერების, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ. კერძოდ, დადგენილების მიხედვით, პარლამენტი მხარს უჭერს ჩამოთვლილი პირებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის აკრძალვას.

„თუ აღნიშნული წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, ესტონეთის პარლამენტის სურს, ესტონეთმა დააწესოს სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც მოიცავს ესტონეთში უვიზო შესვლის აკრძალვას“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

დაბოლოს, ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაყინვას, ვიდრე კანონი არ გაუქმდება.

ესტონეთის პარლამენტი გამოხატავს პატივისცემას „მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, ვინც იბრძვის საქართველოს დემოკრატიული და პრო-ევროპული მომავლისთვის“.

„ესტონეთი იდგა ქართველი ხალხის გვერდით 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს. ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის დაუღალავ ბრძოლას, რათა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ესტონეთმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას 2023 წელს. საქართველო ესტონეთისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა, ვაძლიერებთ თანამშრომლობას 2006 წლიდან დემოკრატიული და ევროპილი ღირებულებების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

მერი ტაბატაძე