„სიჩქარის ლიმიტები პერიოდულად უნდა გადაიხედოს და დადგინდეს შავი წერტილები“ - რა გამოწვევებია საგზაო უსაფრთხოებაში

საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1136 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. შსს-ის მონაცემების მიხედვით, ავარიების შედეგად საანგარიშო პერიოდში 93 მოქალაქე დაიღუპა, 1495 კი დაშავდა. ფართოა იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებობს - ეს შესაძლოა, იყოს ინფრასტრუქტურასთან, შემთხვევების აღრიცხვასა თუ გზების მონიტორინგთან დაკავშირებით.

შემთხვევების აღრიცხვასა თუ საგზაო უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს დეტალურად ესაუბრა. როგორც ლალიაშვილი ამბობს, წლების განმავლობაში სტატისტიკის ცვალებადი დინამიკა იმის ინდიკატორია, რომ საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად ძალისხმევის გაძლიერებაა საჭირო, რათა ყოველწლიურად ლეტალობა და დაზიანებების რიცხვი მცირდებოდეს.

ამასთანავე, ბოლო წლების განმავლობაში საგზაო შემთხვევათა მკვეთრი მატება არ ფიქსირდება, თუმცა სტატისტიკური მონაცემები კვლავ მერყევია. 2023 წელს დაღუპულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 2.79%-ით გაიზარდა, დაზიანებები კი 2.76%-ით შემცირდა. ლალაშვილის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკით, ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილითა და დაშავებულთა რაოდენობა ყოველწლიურად კლების ტენდენციით უნდა ხასიათდებოდეს.

რეგიონებში ავარიების სტატისტიკის წარმოება კვლავ გამოწვევად რჩება. ეს კი მაშინ, როცა შემთხვევების იდენტიფიცირება, მიზეზების დადგენა და მათ აღმოფხვრაზე მიზნობრივი მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგზაო უსაფრთხოებისთვის.

„სტატისტიკის შეგროვება რეგიონებში გასაძლიერებელია, ისევე როგორც შავი წერტილების დადგენა ქვეყნის მასშტაბით“, - ამბობს ის.

ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ „ტვინინგის“ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაიწყო ელექტრონული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო შემთხვევათა აღრიცხვის სრულფასოვანი სისტემის ჩამოყალიბებას, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებში ავტოავარიის შედეგად გარდაცვალების თუ ტრავმატიზმის სათანადო ასახვას სტატისტიკაში.

მისი თქმით, ავტოავარიების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უსაფრთხო ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, მოქალაქეთა ქცევას, კანონის ადმინისტრირებას და ავარიის დადგომის შემდეგ დროულ და კვალიფიციურ პირველად დახმარებას.

„მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს საგზაო უსაფრთხოების მართვაზე პასუხისმგებელი/უფლებამოსილი უწყება, რომელიც სხვადასხვა უწყებასთან მჭიდრო კოორდინაციით იზრუნებს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების ამაღლებასა და ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შემცირებაზე“, - დასძინა მან.

ლალიაშვილი საუბრობს იმის შესახებაც, რომ მნიშვნელოვანია ქალაქის გზებზე განხორციელდეს სიჩქარის ლიმიტების გადახედვა.

„ქალაქებში გვაქვს გზის ისეთი მონაკვეთები, სადაც შეიძლება 10 წლის წინ არ იყო მჭიდრო განაშენიანება, შესაბამისად, დადგენილი იყო სიჩქარის მაღალი ლიმიტი. დღეს მდგომარეობა შეცვლილია და გარკვეული პერიოდულობით სიჩქარის ლიმიტების გადახედვა განსახორციელებელია. საერთაშორისო პრაქტიკა უსაფრთხოების ნაწილში გვეუბნება, რომ დასახლებულ ზონებში დასაშვები სიჩქარის ლიმიტი 50 კმ/სთ-ში უნდა იყოს, სასკოლო ზონების შემთხვევაში - 30 კმ/სთ და ნაკლებია.

ბოლო წლებია დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ადამიანზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რაც ბუნებრივად ხელს უწყობს სიჩქარის ლიმიტების შემცირებას გზებზე, გზის პროპორციულ გადანაწილებას ქვეითისთვის, ველომომხმარებლისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის თუ კერძო ავტომობილისთვის“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

დაბოლოს, როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, რომ სიჩქარის ლიმიტების გადახედვასთან ერთად აღსრულებაც გაძლიერდეს.

მერი ტაბატაძე