Fitch Solutions: წითელ ზღვაში მდგრადი შეფერხებები შუა დერეფანში ინვესტიციებს წაახალისებს

წითელ ზღვაში ვაჭრობის შეფერხების საპასუხოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპას შორის ინფრასტრუქტურული ალტერნატივებიდან პოლიტიკოსების ყურადღებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ კვლავ ცენტრალური აზია-შუა დერეფნის მარშრუტი იპყრობს.

ამის შესახებ Fitch Group-ში შემავალი Fitch Solutions-ის კვლევაში წერია.

„გრძელვადიან პერსპექტივაში წითელ ზღვაში შეფერხების გახანგრძლივება და მარშრუტებში ცვლილებები, რომელიც კეთილი იმედის კონცხით გადაზიდვებს მოიცავს, დღის წესრიგში საზღვაო მომსახურების გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხს დააყენებს და ამ სერვისზე მოთხოვნილებას გაზრდის. ეს შეცვლილი მარშრუტის გასწვრივ განლაგებული პორტებისთვის სავაჭრო ნაკადს გრძლევადიანად შეცვლის, რაც ამ პორტებისგან სუეცის არხის სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად სტრატეგიულ პოზიციონირებას მოითხოვს,” - წერს Fitch Solutions.

მისი ანალიტიკოსები სწორედ ასეთ მარშრუტებში ხედავენ პოტენციალს გაზრდილი ინვესტიციებისთვის, “რადგან პოლიტიკის შემქმნელები ცდილობენ, გააძლიერონ სავაჭრო ინფრასტრუქტურა და ნაკადი გაზარდონ.”

Fitch Solutions აღნიშნავს, რომ თუ წითელ ზღვაში მდგრადი შეფერხება 2025 წლამდე გაგრძელდა, ეს ალტერნატიულ, მათ შორის, კეთილი იმედის კონცხის სავაჭრო მარშრუტსა და სხვადასხვა სახმელეთო დერეფანში ინვესტიციებს კიდევ უფრო წაახალისებს.

ერთ-ერთ მაგალითად დასახელებულია ყაზახეთი, რომლემაც, Fitch Solutions-ის შეასებით, სახმელეთო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის საკვანძო ბაზრად განიხილება.

“ამ მიზნით ყაზახეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა შექმნეს ერთობლივი საწარმო, Middle Corridor Multimodal, რომელიც კომპლექსურ მომსახურებასა და მიწოდების საიმედო ვადებს მოიცავს. ის ჩინეთს, ევროპას, თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობისთვის ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს აფართოვებს. ასეთ რეგიონულ კოორდინაციას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ნებისმიერი მოცულობის უზრუნველყოფისთვის,“ - წერენ Fitch Solutions-ის ანალიტიკოსები..

მათი შეფასებით, საპორტო მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნა და პორტების გამტარუნარიანობის გაზრდის აუცილებლობა მოკლევადიან პერსპექტივაში საპორტო ინფრასტრუქტურაში გადაზიდვის შესაძლებლობების სწრაფი ზრდისთვის ინვესტიციებს განაპიორბებს.

ცნობისთვის: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, შემდგომ კი თურქეთისა და ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე გადის. 2023 წელს ამ მარშრუტით, დაახლოებით, 2,8 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 86%-ით მეტია. მიმდინარე წელს ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 4 მლნ ტონას გადააჭარბებს. ასევე, წლის ბოლომდე შუა დერეფნის გასწვრივ 250-მდე საკონტეინერო მატარებლის გაგზავნა არის დაგეგმილი. ამასთან, საკონტეინერო ბლოკის მატარებლებმა ივნისიდან ჩინეთის ლიანიუნგანისა და სიანის პორტებიდან ბაქოში გადაზიდვები დაიწყეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ