მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად დატოვა - როგორია ვითარება მეზობლებში

მსოფლიო ბანკმა (WB) საქართველოს 2024 და 2025 წლების მშპ-ის ზრდის პროგნოზი უცვლელად დატოვა. ამის შესახებ Global Economic Prospects-ის ივნისის ანგარიშში წერია.

კერძოდ, აპრილში გამოქვეყენბული პროგნოზის მსგავსად, ახალ ანგარიშშიც WB საქართველოს ეკონომიკის ზრდას წელს 5,2%-ით, ხოლო 2025 და 2026 წლებში თანაბრად, 5,0%-ით პროგნოზირებს.

რაც შეეხება მეზობლებს, სომხეთი ლიდერობს, რომლის ეკონომიკური ზრდაც წელს 5,5%-ით არის პროგნოზირებული, თუმცა 2025 წელს ქვეყნის მშპ 4,9%-ით, ხოლო 2026 წელს 4,5%-მდე შემცირდება.

აზერბაიჯანის მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს მხოლოდ 2,3%-ია, რაც 2024 და 2026 წლებში უმნიშვნელოდ და თანაბრად, 2,4%-ით გაიზრდება.

რუსეთის წლევანდელი პროგნოზი, აპრილში გამოქვეყნებულ მაჩვენებელთან, ანუ მშპ-ის 2,2%-იან ზრდასთან შედარებით, ოდნავ გაუმჯობესდა და 2,9%-მდე გაიზარდა. თუმცა მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად, 1,4%-მდე იკლებს, ხოლო 2026 წელს კიდევ უფრო, 1,1%-მდე შემცირდება.

თურქეთის მშპ წელს 3,0%-ით, 2025 წელს ოდნავ მეტად, 3,6%-ით, ხოლო 2026 წელს, წლევანდელთან შედარებით, 1-ზე მეტი პროცენტული პუნქტით, 4,3%-ით გაიზრდება.

WB წერს, რომ სამხრეთ კავკასიაში ეკონომეიკური ზრდის პროგნოზი 2024–2026 წლების განმავლობაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 3.5%-ით დასტაბილურდება. ამას, ბანკის ვარაუდით, მხარს დაუჭერს აზერბაიჯანის ნახშირწყალბადების ექსპორტის გარკვეული აღდგენა, რაც 2023 წელს განსაკუთრებით დაბალი იყო. ეს აღდგენა დააბალანსებს ბოლო წლებში საქართველოს და სომხეთის ნელ აღდგენას განსაკუთრებულად მაღალი ეკონომიკური ზრდის შემდეგ.

ამასთან, WB-ის პროგნოზით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გლობალური ვაჭრობის გადამისამართება და დივერსიფიკაცია გაგრძელდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ