Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა

Black Sea Arena-ზე 28 ივლისს დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა.

როგორც Black Sea Arena-ს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ.

„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია. ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად, დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უახლოეს მომავალში”, - აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში კონცერტის გაუქმების მიზეზებზე საუბარი არ არის.

ცნობისთვის, 25 აპრილს Massive Attack-ს „სირცხვილიამ“ გულშემატკივრების სახელით მიმართა და საქართველოში კონცერტის გამართვამდე ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გადახედვისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, მაისში, ტრიპ-ჰოპ ჯგუფი Massive Attack-ი გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებს.

უფრო კონკრეტულად, ჯგუფმა სოციალურ ქსელში X-ში განცხადებაც გაავრცელა და აქციაზე გამოსულ სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადა. „სოლიდარობას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძალადობრივ სახელმწიფო რეპრესიებს“ - ეწერა ჯგუფის განცხადებაში.

მერი ტაბატაძე