„პროდუქტების ფასები მგრძნობიარეა - შედეგი შესაძლოა, მყისიერად აისახოს“ - ანალიტიკოსი სამომხმარებლო ფასებზე

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრსა და ანალიტიკოსის, მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, სამომხმარებლო ფასებზე გავლენას ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, რამდენიმე ფაქტორი იქონიებს.

როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ფასის ცვლილების ნაწილში ხვედრითი წილი ექნება ზაფხულის სეზონზე ტურიზმის სექტორს, პოლიტიკურ ფაქტორებსა და ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას.

„სამომავლოდ ფასებზე სხვა ფაქტორებიც იქონიებენ გავლენას, ეს არის ტურისტების შემოსვლა, საზაფხულო პერიოდი დაიწყო და გაიზრდება მათი რაოდენობა. ამიტომ, რა ხვედრითი წონა ექნება აქ პოლიტიკურ ფაქტორებს, ტურიზმს, ასევე, ინვესტიციების შემოდინებას ექნება თუ არა ადგილი დასავლეთიდან თუ შენელდება, ამის განსაზღვრა რთულია. თუმცა ყველა ამ ფაქტორიდან (ზოგი პოზიტიურად მოქმედებს, ზოგი ნეგატიურად) რომელიც გადაწონის, ის განსაზღვრავს ფასებზე ზემოქმედებას“, - განაცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა.

მაისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ეროვნული ვალუტა დოლარსა და ევროსთან მიმართებაში უფასურდება. ეროვნულმა ბანკმა გაუფასურების შესაკავებლად ჯამში სავალუტო აუქციონზე 168.7 მლნ დოლარი გაყიდა. მიუხედავად სებ-ის ინტერვენციისა, ლარი გაუფასურებას განაგრძობს.

კითხვაზე, მიმდინარე ფაქტორების გათვალისწინებით, დაახლოებით რა პერიოდშია მოსალოდნელი სამომხმარებლო ფასების ცვლილება, ანალიტიკოსი გვპასუხობს, რომ ამის განსაზღვრა წინასწარ რთულია, რადგან ლარის გაუფასურების ეკონომიკური ფაქტორები ამ ეტაპზე საკმაოდ მყარია, შესაბამისად, გაუფასურება პოლიტიკური არასტაბილურობით არის გამოწვეული.

ამ ფონზე, სამომხმარებლო ფასებზეც გავლენას იქონიებს ის, თუ რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში სტაბილურობის კუთხით. მისი თქმით, შედეგი პირველადი მოხმარების საგნების ფასზე შესაძლოა, მყისიერად აისახოს, ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე კი, მოგვიანებით.

„პროდუქტების ფასები მგრძნობიარეა, შესაძლოა მყისიერად აისახოს, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საგნებზე, ხოლო ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე უფრო სტაბილურია და მოგვიანებით ახდენენ გავლენას ისინი“, - აღნიშნავს თოქმაზიშვილი.

მერი ტაბატაძე