WB: მსოფლიო ეკონომიკური ზრდა კოვიდპანდემიამდელი ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იქნება

მსოფლიო ბანკი (WB) ბოლო, ანუ მიმდინარე თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში წელს გლობალური ეკონომიკის 2.6%-მდე ზრდას პროგნოზირებს, მაშინ, როცა იანვარში 2.4%-იან ზრდას ვარაუდობდა.

WB-ის პროგნოზით, 2025-2026 წლებში ზრდა 2.7%-მდე დაჩქარდება, რაც კოვიდპანდემიამდელ ათწლეულში დაფიქსირებულ საშუალო 3.1%-იან მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია.

პროგნოზის მიხედვით, 2024-2026 წლებში ქვეყნები, რომლებიც მთლიანობაში მსოფლიო მოსახლეობისა და გლობალური მშპ-ის 80%-ზე მეტს მოიცავენ, ეკონომიკურად პანდემიამდელ ათწლეულზე ნელა გააგრძელებენ ზრდას.

კერძოდ, 2024-2025 წლებში განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მშპ-ის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4%-ით არის მოსალოდნელი, რაც შარშანდელ მაჩვენებელს ოდნავ ჩამოუვარდება. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, 2023 წლის 3,8%-იანი მაჩვენებლის შემდეგ, წელს ზრდა 5%-მდე დაჩქარდება. განვითარებულ ქვეყნებში წელს ეკონომიკა 1,5%-ით, მომავალ წელს კი 1,7%-ით გაიზრდება.

ამასთან, წელს გლობალური ინფლაციის 3,5%-მდე, ხოლო 2025 წელს 2,9%-მდე შენელება არის მოსალოდნელი. თუმცა ეს შენელება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორსაც ბანკი ექვსი თვის წინ პროგნოზირებდა. შედეგად, ბევრი ქვეყნის ცენტრალური ბანკი ძირითადი საპროცენტო განაკვეთის შემცირებისას, სავარაუდოდ, ფრთხილ მოქმედებას გააგრძელებს.

გლობალური საპროცენტო განაკვეთები, ბოლო ათწლეულებთან შედარებით, სავარაუდოდ, მაღალი დარჩება და 2025-26 წლებში წლიურად, საშუალოდ, 4% იქნება, რაც 2000-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს, დაახლოებით, ორჯერ აღემატება.

წელს აშშ-ის მშპ 2,5%-ით, ხოლო მომდევნო ორ წელიწადში 1,8%-ით გაიზრდება.

ევროზონის ეკონომიკა წელს 0,7%-ით, 2025 წელს 1,4%-ით, ხოლო 2026 წელს 1,3%-ით გაიზრდება.

იაპონიის მშპ-ის ზრდა წელს 0.7%-ს, ხოლო 2025-26 წლებში, შესაბამისად, 1%-სა და 0.9%-ს შეადგენს.

ჩინეთის ეკონომიკა წელს 4.8%-ით, მომავალ წელს 4.1%-ით, ხოლო 2026 წელს 4%-ით გაიზრდება.

WB-ის პროგნოზით, წელს გლობალური ვაჭრობის 2,5%-იანი, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3,4%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.

ასევე, მოსალოდნელია, რომ წელს ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 84 დოლარი იქნება, მაშინ, როცა 2025 წელს ბარელზე ფასი 79 დოლარამდე, ხოლო 2026 წელს 78,1 დოლარამდე დაეცემა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ