"მოთხოვნა საკმაოდ მაღალია" - რა ღირს ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრები ტურები

ევრო 2024-ის ციებ-ცხელება გადამწყვეტ ფაზაშია შესული, ისტორიულ მატჩამდე საქართველოს რამდენიმე დღე აშორებს. გულშემატკივრების ნაწილი ნაკრებს გერმანიაში უგულშემატკივრებს, რომელთათვის ტურისტულმა კომპანიებმა სპეციალური პაკეტები შეადგინეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ჯდება ტური გერმანიაში, საქართველოს მხარდასაჭერ მატჩზე დასასწრებად.

როგორც „ვოიაჟერ 365“-ში განგვიცხადეს, ჩემპიონატისთვის ტურებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.

„ევროპის ჩემპიონატის ტურებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 3 000 ლარიდან იწყება ტურის ფასები და მისი ცვლილება დამოკიდებულია ამა თუ იმ კატეგორიების ცვლილებაზე“ - აცხადებენ კომპანიაში.

მაღალ მოთხოვნაზე საუბრობენ turebi.ge-შიც, სადაც საქართველო- პორტუგალიის თამაშზე დასწრება (26 ივნისი) 3940 ლარად შეგეძლებათ.

რაც შეეხება Ok travel-ს, სრულყოფილ ტურ-პაკეტს თურქეთი- საქართველოს მატჩზე 5240 ლარად შეიძენთ. ამავე ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საქართველო-ჩეხეთის თამაშზე დასწრება 3 470 ლარიდან იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული ფასები მოიცავს ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, მატჩზე დასაწრებ ბილეთს და ხელბარგს.

ცნობისათვის, სპეციალურად საქართველოს თამაშებისთვის გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ჩარტერული რეისები დანიშნა, რომლის ბილეთის ფასიც 295 ევროდან დაიწყება.

ასევე, 24 მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთების გაყიდვა დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 1 გზის ღირებულება 195 ევროს შეადგენს.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი კი ასეთია:

  • 18 ივნისი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო
  • 22 ივნისი, ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი“ - საქართველო – ჩეხეთი
  • 26 ივნისი, გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია

ეკა დარჩიაშვილი