„2021 წლის ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც აკრძალა ამ თარიღის შემდეგ აშენებული ობიექტების ფუნქციონირება, თუ ის ექსპლუატაციაში მიღებული არ იქნებოდა“ - რამდენად უსაფრთხოა ცხოვრება იმ შენობაში, რომელსაც არანაირი კონტროლი არ გაუვლია და რას აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო, ამის შესახებ სამართლის დოქტორმა და სამშენებლო სამართლის სპეციალისტმა უჩა ზაქაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„ამის მიზეზი იყო ქვეყანაში დაგროვილი ათასობით ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა და საჭირო იყო ამ პრობლემის დარეგულირება. ამის მერე ერთის მხრივ, გამოქვეყნდა ამნისტია, რომელიც 2 წელი მოქმედებდა, მეორე მხრივ გამოცხადდა აკრძალვა. ამით პარლამენტმა გადაწყვიტა ჯერ ამნისტიის შედეგად ამოეწურა ეს პრობლემა, ხოლო ამის შემდეგ აღარ მომხდარიყო ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების ფუნქციონირება.
თუმცა, ამ ამნისტიით ისარგებლა, ყველაზე პოზიტიურ რიცხვებს რომ შევხედოთ, 2 000-მა ადამიანმა, რადგან რეალურად, მიტოვებული ობიექტებისთვის, რომელიც მოსახლების ამარა დარჩა, ღირებულება იყო წარმოუდგენელი. ვერცერთი კორპუსი ამას ვერ გადაიხდის, ისეთ თანხებზეა საუბარი, აქედან გამომდინარე ამნისტიით იხეირა მხოლოდ იმ კატეგორიამ, ვისაც ამისი ფინანსური საშუალება გააჩნდა და სწორედ ამიტომ, ის ვერ გახდა საყოველთაო და მალევე შეწყვიტა არსებობა“, - განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.
მისი თქმით, ამნისტიაში რამდენიმე პოზიტიური სიგნალი გამოჩნდა.
„მაგალითად, მის ფარგლებში მიღებულ ობიექტებზე მოთხოვნილი იყო სეისმომედეგობის დასკვნა. ახლა კი, ჩვეულებრივ, სტანდარტულ შემოწმების წესში ეს შემოწმება აღარ ხდება“ - განაცხადა მან.
„ამ ინიციატივამ შედეგი რომ ვერ გამოიღო, აიკრძალა ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტების ფუნქციონირება, თუმცა მასზე კონტროლი „მოიშორა“ სახელმწიფომ, ანუ პასუხისმგებლობა „გადაულოცა“ კომუნიკაციების მომწოდებლებს და ამ ნორმაში ჩამოაყალიბა ასეთი წინადადება, „არ მიაწოდო დენი და გაზი“. თუმცა, შემდგომში ამ ნორმის აღსრულების მექანიზმები კომუნიკაციების მიმწოდებლების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ასახული არ იქნა. აქედან გამომიდნარე მივიღეთ აკრძალვა, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების მიმოწდებლებს საკუთარ კანონმდებლობაში აკრძალვები არ აქვთ. შესაბამისად, მივიღეთ „მკვდარი ნორმა“.
შედეგი სახეზეა, 3 წელი გავიდა და ფაქტია, რომ ამ რეგულაციამ არ იმუშავა“ - განაცხადა სამშენებლო სამართლის სპეციალისტმა.