თბილისის საკრებულომ გზების რეაბილიტაციისათვის 18-მილიონიანი სესხის გამოყოფაზე მერიას თანხმობა მისცა

გზების რეაბილიტაციისათვის 18-მილიონიანი სესხის გამოყოფის შესახებ თბილისის საკრებულომ მერიას თანხმობა მისცა. საკითხი სხდომაზე თბილისის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ გამოიტანა.  ლევან თევზაიას თქმით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა მერიას ინიციატივით მიმართა, რომ 18 მილიონი ლარი გზების რეაბილიტაციისათვის გამოიძებნოს. სესხის მიმღები მუნიციპალური განვითარების ფონდი იქნება.

სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, თანხის რა ნაწილი მოხმარდება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას და ასევე, ვინ იყო ფონდისთვის ამ თანხის დონორი. კერძოდ, ეს იყო საერთაშორისო ბანკი თუ თანხის გამოყოფა მოხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის რეზერვებიდან.

ლევან თევზაიამ სხდომაზე ვერ დაასახელა კონკრეტულად რომელი ქუჩებისთვის დაიხარჯებოდა თანხები. "კონკრეტულ ქუჩას ამ მომენტში ვერ წარმოგიდგენთ", - განაცხადა ლევან თევზაიამ.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ კი განაცხადა, რომ ქუჩები ცნობილია და თანხა 42 ქუჩას მოხმარდება. "თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლებელია, წავიდეს სტიქიით დაზარალებული ქუჩების რეაბილიტაციაზე, ჩამონათვალში არის 15 ქუჩა, რომელიც სტიქიამ დააზარალა", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

მისივე თქმით, სესხს მუნიციპალური განვითარების ფონდი საერთაშორისო დონორისაგან მიიღებს; სახელმწიფო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის 10 მილიონ ლარს გამოყოფს.

ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტის ახალი პროექტი საკრებულოში 10 დღეში შევა. იგი მიიჩნევს, რომ მთელი რესურსი უნდა წარიმართოს დედაქალაქში შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად.