სექტორები, სადაც ახლა ყველაზე მეტი ვაკანსიაა -  „კომპანიები თავს იკავებდნენ, ამბობდნენ, ჯერ დალაგდეს სიტუაცია“

მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა 16%-ით შემცირდა. ამის შესახებ BPN-ს HR.ge-ს რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდში {ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე} კომპანიები ახალი ვაკანსიების განთავსებისგან თავს იკავებდნენ, ამასთან, შემცირდა სამსახურის მაძიებლების რაოდენობაც და თუ ადრე ყოველდღიურად 100-მდე ადამიანი რეგისტრირდებოდა, მაისის პირველ ნახევარში 50-მდე შემცირდა.

რაც შეეხება სექტორებს, სადაც ახლა ყველაზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული, ინგა შახბაზიანის ინფორმაციით, პირველ ადგილზეა გაყიდვები, რომელსაც ადმინისტრაციული მომსახურება და ფინანსები მოსდევს.

„მაისში ბევრად უფრო დიდი მოლოდინი გვქონდა აქტიურობის კუთხით, იმიტომ, რომ ეს თვე, ისევე როგორც სექტემბერი, არის ძალიან აქტიურ პერიოდი, თუმცა, ამჯერად იყო პასიური. კომპანიები თავს იკავებდნენ, ამბობდნენ, ჯერ დალაგდეს სიტუაცია და შემდეგ განვათავსებთ ვაკანსიებს. მაისში ჯამურად დაიდო 4700 ვაკანსია, რაც წინა წელთან შედარებით, არის 16%-იანი კლება.

რაც შეეხება სფეროების მიხედვით სამუშაო ადგილების განაწილებას, აქ ძირითადად აქტიურობდა რითელ სექტორი და გაყიდვები, მეორე იყო ადმინისტრაცია, მესამე ჰორეკა, ფინანსები, სამედიცინო და IT მიმართულება.

უფრო კონკრეტულად:

  • გაყიდვები - 26%
  • ადმინისტრაცია - 17%
  • ჰორეკა -15%
  • ფინანსები -12%
  • სამედიცინო - 8%
  • IT სფერო - 6%

სამსახურის მაძიებლების კუთხითაც, მაისის დასაწყისში კლება იყო. ამ პერიოდს დაემთხვა აღდგომაც. თუმცა, თუ მანამდე ყოველდღიურად 60-100 სამსახურის მაძიებელი რეგისტრირდებოდა, მაგ პერიოდში 30-50-მდე ჩამოვიდა. უკვე მაისის მეორე ნახევრიდან ისევ გააქტიურდა და დღეს (ივნისში) 70-დან 110-მდეა“, - ამბობს ინგა შახბაზიანი.

ნინი ქეთელაური