აფხაზები სტატუსის გამო “ვკუსნო ი-ტოჩკას“ გაუნაწყენდნენ

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება სწრაფი კვების რუსულ ქსელ “ვკუსნო ი-ტოჩკას,“ რომელმაც რუსეთში McDonald’s ჩაანაცვლა, “არაკორექტულ და გაუფრთხილებელ” განცხადებაში სდებს ბრალს.

კერძოდ, თავის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აფხაზური უწყება ქსელის გენერალურ დირექტორ ოლეგ პაროევის მიერ აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას “შეუსაბამოს” უწოდებს და მას რეკომენდაციას უწევს, არაკორექტული გამონათქვამებისგან თავი შეიკავოს.

ცნობისთვის: მიმდინარე კვირას ოლეგ პაროევმა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად განიხილება, საქართველოში კი McDonald’s-ის ფრენჩაიზი მუშაობს და კომპანიას „კონფლიქტის გამოწვევა“ არ სურს, ამიტომ “ვკუსნო ი-ტოჩკამ“ აფხაზეთში შესვლაზე უარი განაცხადა.

„ყურადღებით წავიკითხეთ რესტორნების ქსელ “ვკუსნო ი-ტოჩკას“ გენერალური დირექტორის, ოლეგ პაროევის განცხადება, რომელშიც მან საკუთარ თავს პოლიტიკური ხასიათის განცხადებების გაკეთების უფლება მისცა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კუთვნილ ტერიტორიად ითვლება. გვსურს, ბატონი პაროევის ყურადღება მივაპყროთ ბიზნესმენის პირით გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების შეუსაბამობას საერთაშორისო სამართლის ამა თუ იმ სუბიექტის საერთაშორისო სტატუსზე. ჩვენ კატეგორიულად ვურჩევთ ბატონ პაროევს, მომავალში მოერიდოს არაკორექტულ პოლიტიკურ განცხადებებს აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით,“ -წერია განცხადებაში.

ამასთან, დე ფაქტო საგარეო უწყება შენიშნავს,რომ „ზემოაღნიშნული კომპანიის შესაძლო კომერციული და სამართლებრივი შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნებში საქმიანობის წარმართვასთან, არ არის საფუძველი ან გამართლება რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორის მისამართით არაკორექტულ და გაუფრთხილებელი განცხადებების გასაკეთებლად.”

“ვკუსნო ი-ტოჩკას“ გენერალურ დირექტორ ოლეგ პაროევის განცხადებით, კომპანიის ანალიტიკოსებმა ყურადღებით შეისწავლა აფხაზეთის ბაზარი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იქ რესტორანი არ გაიხსნება და უფრო მომგებიანი იქნებოდა, ობიექტი აფხაზეთის ტერიტორიასთან ახლოს გაიხსნას. კერძოდ, პაროევმა სამხრეთ რუსეთის, მათ შორის, სოჭისა და ადლერის ტერიტორიები დაასახელა.

„ეს ის ტერიტორიებია, სადაც კარგი ლოკაციის შემთხევვაში გახსნისთვის მზად ვართ,“ - ამბობს გენდირექტრი.

ახალ ბაზრებზე, მათ შორის, აფხაზეთში შესვლის შესახებ “ვკუსნო ი-ტოჩკას“ მფლობელი, ალექსანდრ გოვორი ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში საუბრობდა, როცა კომპანიის გეგმები დააანონსა. ის მაშინ აცხადებდა, რომ „ქსელს არაღიარებული რესპუბლიკებიც უკავშირდებიან” და ასეთ ტერიტორიებზე, მაგალითად, აფხაზეთში შესასვლელად კომპანია ყველაფერს ცდილობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ