ოდესის ზოოპარკი მზადაა, თბილისის ზოოპარკს 20-მდე ცხოველი აჩუქოს

ოდესის ზოოპარკი მზადაა თბილისის ზოოპარკს 20-მდე ცხოველი აჩუქოს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ოდესის საბჭოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"იმის გათვალისწინებით, თუ რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ზოოპარკში ცხოველების კვლავ თავმოყრა, ოდესის ზოოპარკი მზადააა თბილისის ზოოპარკს არაერთი ცხოველი აჩუქოს", - წერია ოფიციალურ განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება აქლემის, ირმის, ბუს, ციმბირული თხის და სხვა ჯიშის ცხოველებისა და ფრინველების გაგზავნა.

ოდესის ზოოპარკის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ნაჩუქარი ფრინველები და ცხოველები ქართველებს დაეხმარება ზოოპარკის ბინადართა კოლექციის აღდგენაში. ოფიციალური ინფორმაციით, ცხოველების გაგზავნა თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების და საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება.