როგორია ვითარება კრიპტოვალუტის ბაზარზე

დილით ბიტკოინის ფასი $66,177-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო მაისის შუა რიცხვების შემდეგ. შუადღისთვის ფასმა $67,300-მდე მოიმატა, თუმცა მიუხედავად ამ ზრდისა, წინა ღამის მაჩვენებელთან შედარებით ბიტკოინის ფასი კვლავ 3%-ით დაბალია. ასევე ფასები შემცირებულია სხვა კრიპტოვალუტების შემთხვევაშიც - ამის შესახებ ინფორმაციას investor’s business daily ავრცელებს.

„ამ ვარდნის მკაფიო მიზეზი არ არსებობს“, - თქვა სტივენ ლუბკამ(Swan Bitcoin). ის ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მოკლევადიანი მოვაჭრეების გამო იყოს.

ასევე დაეცა კიდევ ერთი პოპულარული კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ფასი. კერძოდ მისი ღირებულება 3500 დოლარით განისაზღვრა, რაც 24 საათში 4,6 პროცენტიან კლებას გულისხმობს.

დღეს კრიპტოვალუტის მაინერებს, როგორიცაა Marathon Digital და Riot Platforms, მძიმე დილა ჰქონდათ, მაგრამ მოგვიანებით სიტუაცია დასტაბილურდა. Marathon Digital-ის აქციები 1.9 პროცენტით გაიზარდა(აქამდე კლება 5.5 პროცენტი იყო). Riot Platforms-ის აქციები 6 პროცენტიანი კლების შემდეგ, თითქმის 1 პროცენტით არის გაზრდილი. ასევე ფასმა 1.6 პროცენტით მოიმატა CleanSpark-ის აქციებზე დილის 7 პროცენტიანი ვარდნის შემდეგ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიტკოინის ETF-ები, რომლებიც ბიტკოინის შემცველი ფონდებია, შემცირდა. BlackRock-ის iShares Bitcoin Trust და ARK-ის 21Shares Bitcoin ETF ორივე მათგანი სამშაბათს თითქმის 3 პროცენტით დაეცა.

გუშინ, ბიტკოინის ETF-ებს $64.9 მილიონიანი გადინება ჰქონდათ, რითაც შემოდინების 19-დღიანი სერია დასრულდა. ამ გადინებით Grayscale Bitcoin Trust და Invesco Galaxy Bitcoin ETF ლიდერობდნენ, მაჩვენებლები შესაბამისად 39.5 მილიონი და 20 მილიონი დოლარი იყო. შესაბამისად, ორშაბათს შემოდინება მხოლოდ BlackRock-ის ETF-ს და Bitwise Bitcoin ETF-ს ჰქონდათ, რასაც ბიტკოინებზე ფასის ზრდა არ გამოუწვევია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ETF-ებს ბოლო დროს შემოდინება ჰქონდათ, ზოგიერთი ტრეიდერი ფიქრობს, რომ ფასი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ ზოგიერთი ტრეიდერი ამ ETF-ებს არბიტრაჟის საშუალებით სწრაფი მოგების მისაღებად იყენებს“ - განმარტა ლუბკამ.

თორნიკე მაისაშვილი