ბაიდენის ტარიფები იაფი ჩინური საქონლის ეპოქის დასასრულია - The Economic TImes

21-ე საუკუნის პირველი ორი ათწლეულის განმავლობაში ამერიკაში ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი გაიაფდა. ჩინეთიდან და სხვა განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებიდან განხორციელებულმა იმპორტმა ხელი შეუწყო ვიდეო თამაშების, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სხვა ხარჯების შემცირებას. თუმცა, ამ იმპორტმა ზოგიერთი ამერიკული ქარხნის დახურვა გამოიწვია, რაც მილიონზე მეტ მუშაკს სამუშაოს ფასად დაუჯდა. ონლაინ მაღაზიები, როგორიცაა Walmart და Amazon საზღვარგარეთ დამზადებული იაფი საქონლის გაყიდვით მნიშვნელოვან მოგებაზე გადიან, მაგრამ ამომრჩევლები ყოველთვის უკმაყოფილონი იყვნენ. სწორედ, დახურული ქარხნების, მრეწველობის დაქვეითებისა და ხელფასების სტაგნაციის გამო, ამერიკელებმა 2016 წელს აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც დაჰპირდათ, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებს უპასუხოდ არ დატოვებდა. ოთხი წლის შემდეგ მათ მეორე აირჩიეს. ყოფილი პრეზიდენტი ტრამპიც და პრეზიდენტი ბაიდენიც ცდილობდნენ დაეცვათ ამერიკული ქარხნები ჩინური საქონლის ხელოვნურად გაძვირებით. მათ დააწესეს გადასახადები იმპორტზე რიგ ინდუსტრიებში, როგორიცაა ტანსაცმელი, ტექნიკა, მზის პანელები და ა.შ.

ბაიდენმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა შეენარჩუნებინა და გაეფართოებინა ტრამპის დაწესებული ტარიფები, რაც აშკარად მიანიშნებს ჩინეთთან ღია ვაჭრობის ეპოქის დასასრულზე. ამის ნათელი მაგალითია ჩინურ ელექტრომობილებზე 100%-იანი გადასახადი.

დემოკრატები და რესპუბლიკელები მხარს უჭერდნენ ჩინეთთან ვაჭრობას და თვლიდნენ, რომ ეს სარგებელს მოუტანდა ამერიკას. ეკონომისტებმა იცოდნენ, რომ ზოგიერთი ამერიკელი მუშა დაკარგავდა სამუშაოს, მაგრამ მათ ეგონათ, რომ მთლიანი ეკონომიკა სარგებელს მოუტანდა იაფი საქონლით და მეტი ინვესტიციით მაღალი ღირებულების ინდუსტრიებში. ახლა ორივე მხარე უფრო რთულ პოზიციას იკავებს ჩინეთის მიმართ. ისინი შეშფოთებულნი არიან ჩინეთის შრომითი პრაქტიკით, ინტელექტუალური საკუთრების ქურდობით და ქარხნების სუბსიდიებით.

გაურკვეველია, რა ახალი სავაჭრო პოლიტიკა შემუშავდება მომავალში. ბაიდენი მხარს უჭერს სტრატეგიულ ინდუსტრიულ პოლიტიკას, ხოლო ტრამპი მხარს უჭერს უფრო თავშეკავებულ შიდა ეკონომიკას.

ასევე გაურკვეველია მოითმენენ თუ არა ამერიკელები უფრო მაღალ ფასებს, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ ცვლილებებს, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ინფლაციის ზრდის შემდეგ.

ტრამპს სურს მნიშვნელოვნად შეზღუდოს ვაჭრობა ჩინეთთან, გაზარდოს ტარიფები ყველა ჩინურ იმპორტზე და აკრძალოს ზოგიერთი ჩინური საქონელი. ის ამტკიცებს, რომ ჩინეთი გადაიხდის ამ ტარიფებს, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებლები დაზარალდებიან. მისი ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი, რობერტ ლაითჰაიზერი, თვლის, რომ უფრო მაღალი სამომხმარებლო ფასები მეტი სამუშაო ადგილისთვის ნამდვილად ღირს.

ბაიდენი უარყოფს ტრამპის ტარიფებს და მოიხსენიებს როგორც, „ძალიან ძვირი“. მას სურს სტრატეგიული ინდუსტრიები, როგორიცაა სუფთა ენერგია და ნახევარგამტარები, ტარიფებისა და რეგულაციების გამოყენებით დაიცვას. ბაიდენი ასევე უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სახელმწიფო სუბსიდიებს ამ სექტორებისთვის.

ზოგიერთი ეკონომისტი, რომელიც მხარს უჭერს ნაკლებად შეზღუდულ ვაჭრობას ჩინეთთან, აკრიტიკებს როგორც ბაიდენის, ასევე ტრამპის გეგმებს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკა აუცილებლად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და გაზარდოს ფასები ამერიკელი მომხმარებლებისთვის.

თორნიკე მაისაშვილი