"ჯიპიაი ჰოლდინგი" სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს 600 000 -700 000 ლარამდე აუნაზღაურებს

"ჯიპიაი ჰოლდინგი" სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს 600 000 -700 000 ლარამდე აუნაზღაურებს. "ჯიპიაი ჰოლდინგის" ინფორმაციით, ზარალის ანაზღაურების პროცესი სტიქიიდან მეორე დღეს, 14 ივნისს დაიწყო.

"ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანას" სადისტრიბუციო ავტომობილების დაზიანება 100%-ით აუნაზღაურდებათ და 210 000 ლარს მიიღებენ. "სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ასრულებს სტიქიით გამოწვეული ზარალების სავარაუდო მოცულობის დაანგარიშებას. დღევანდელი მონაცემით, მთლიანი ასანაზღაურებელი თანხა 600 000 – 700 000 ლარს აღწევს, ციფრი შეიძლება გაიზარდოს.  კომპანიის ანაზღაურების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში - კვირის ბოლომდე დაასრულოს ზარალების დარეგულირების პროცესი და გასცეს თანხა დაზარალებულ პირებზე და კომპანიებზე.

"კომპენსაციების გაცემა გუშინვე დავიწყეთ და სადაც შევძელით, უკვე დავაკმაყოფილეთ დაზღვეულები უმოკლეს ვადებში. ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, რომ სრულად დავფაროთ ზარალი დაჩქარებულ ტემპებში. ამავდროულად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს ზიანი ფრანშიზის გარეშე, ანუ სრულად - 100%-ით დავუფაროთ", - განაცხადა "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თინათინ სტამბოლიშვილმა.

კომპანიის განცხადებით, "ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა", რომელიც "ჯიპიაის" ავტოდაზღვევით სარგებლობდა, სადისტრიბუციო მანქანების სრული ზიანის გამო 210 000 ლარს მიიღებს. თანხის გადარიცხვა უახლოეს დღეებში მოხდება.

ინფორმაციას "ჯიპიაი ჰოლდინგი" ავრცელებს.