მოსკოვის ბირჟამ ევრო/დოლარში ვაჭრობა შეაჩერა - რა ხდება რუსეთის საფინანსო ბაზარზე

მოსკოვის ბირჟაზე ევროთი ვაჭრობა ამერიკული სანქციების შემოღების შემდეგ შეწყდა, რადგან ამ სანქციებს ევროკავშირის ქვეყნებიც იცავენ. ამის შესახებ რუსეთის ბანკის პრესსამსახურის ბოლო განცხადებაში წერია.

ამასთან, ბანკი ჰონგ-კონგის დოლართან ვაჭრობის შეჩერების გადაწყვეტილებას რისკების შემცირებას უკავშირებს.

„ეს ვალუტა აშშ-ის დოლართან არის მიბმული და ბანკები, რომლებიც ამ ვალუტაში ანგარიშსწორებას ახორციელებენ, ტრადიციულად საკმაოდ მკაცრ კომპლაენსს მიმართავენ და ანგარიშსწორებები ხანგრძლივდება. ამდენად, რისკების შესამცირებლად გადაწყდა, რომ ჰონგ-კონგის დოლარში ვაჭრობაც შეჩერდეს,” - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის: აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულების განყოფილებაა, 12 ივნისს მოსკოვის ბირჟისა და მის ჯგუფში შემავალი ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე, OFAC-მა მოსკოვის ბირჟასთან, ეროვნულ კლირინგ-ცენტრსა და ანგარიშსწორების დეპოზიტართან ოპერაციების 13 აგვისტომდე ვადით შეჩერებაზე ლიცენზია გასცა, ხოლო მეორე ლიცენზია ანალოგიურ დედლაინს მათი ფასიანი ქაღალდების გასასვლელად აწესებს.

სანქციების დაწესებიდან მალევე მოსკოვის ბირჟამ გამოაცხადა, რომ 13 ივნისიდან დოლარსა და ევროში ვაჭრობას წყვეტდა. მოგვიანებით რუსეთის ბანკმა გადაწყვეტილება ჰონგ-კონგის დოლართან ვაჭრობის შეჩერების შესახებაც გამოაცხადა.

მარეგულირებელი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ დოლარისა და ევროს როლი რუსულ ბაზარზე მუდმივად მცირდება და იუანის წილმა მოსკოვის ბირჟაზე მაისის ვაჭრობაში 54% შეადგინა, ხოლო დოლარსა და ევროში ვაჭრობა არასაბირჟო ბაზარზე გაგრძელდება, სადაც მათი ბრუნვა მოსკოვის ბირჟაზე ამ ვალუტებში შესრულებული ტრანზაქციების მოცულობას დიდი ხანია, აღემატება.

თუმცა ექსპერტების შეფასებით, მართალია, კომპანიები და მოქალაქეები ახალი სანქციების შემდეგ ევროს და დოლარის გაცვლას ბირჟის გარეთ გააგრძელებენ, მაგრამ ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის განსხვავება შესაძლოა, გაიზარდოს, რაც სპეკულაციურ ოპერაციებს გაართულებს. მაგალითად, მართალია, სავაჭრო დღის ბოლოს, ანუ 11 ივნისს (12 ივნისს ვაჭრობა არ ტარდება) მოსკოვის ბირჟაზე დოლარი 89,10 რუბლი, ევრო კი 95,62 რუბლი ღირდა, მაგრამ ზოგიერთმა ბანკმა ვალუტის გაცვლის ოფისებში კურსი მნიშვნელოვნად, კერძოდ, 100, 120 ან 200 რუბლამდეც კი გაზარდა.

ექსპერტები მოელიან, რომ კურსის მდგრადად, ანუ 10%-ზე მეტად შესუსტების შემთხვევაშიც კი რუსეთის ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შოკის მოსახსნელად საპროცენტო განაკვეთისა და ვალუტის მიწოდების გაზრდა მოუწევს.

ამასთან, ანალიტიკოსების პროგნოზით, ის რისკები, რომ “მეგობარი,” უფრო კი ნეიტრალური ქვეყნებიდან მოსკოვის ბირჟასთან მუშაობას აღარ მოისრუვებენ, გაიზარდა, რადაგნ თავად მათთვის მეორადი სანქციების რისკები იზრდება. მათ უნდა აირჩიონ, თუ რომელ მხარეს დადგნენ და განაგრძონ თუ არა ასეთი სარისკო ოპერაციები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ