ყაზახეთი მოსკოვის ბირჟიდან KASE-ს აქციების გამოსყიდვას განიხილავს

ყაზახეთი მოსკოვის ბირჟიდან ყაზახეთის საფონდო ბირჟის (KASE) აქციების გამოსყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ტიმურ სულეიმენოვმა განაცხადა.

„ჩვენ მეტად ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საერთაშორისო მრჩევლების კონსულტაციების შესაბამისად სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ,” - ამბობს სულეიმენოვი.

მისი თქმით, მოსკოვის ბირჟის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ყაზახეთის საფონდო ბირჟის მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს.

“ჩვენ KASE-ში რაიმე ცვლილებას არ ვგეგმავთ, რადგან მოსკოვის ბირჟის წილი KASE-ში 13%-ია, ხოლო სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მოსბირჟაზე 50%-ს ან მეტს ფლობენ,” - დასძენს სულეიმენოვი.

მიმდნიარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით, მოსკოვის ბირჟა KASE-ს მოქმედი აქციების 13,1%-ს ფლობს.

აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულების განყოფილებაა, 12 ივნისს მოსკოვის ბირჟისა და მის ჯგუფში შემავალი ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების დაწესებიდან მალევე მოსკოვის ბირჟამ გამოაცხადა, რომ 13 ივნისიდან დოლარსა და ევროში ვაჭრობას წყვეტდა. მოგვიანებით რუსეთის ბანკმა გადაწყვეტილება ჰონგ-კონგის დოლართან ვაჭრობის შეჩერების შესახებაც გამოაცხადა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ის რისკები, რომ “მეგობარი,” უფრო კი ნეიტრალური ქვეყნებიდან მოსკოვის ბირჟასთან მუშაობას აღარ მოისრუვებენ, გაიზარდა, რადგან თავად ამ ქვეყნებისთვის მეორადი სანქციების რისკები იზრდება. მათ უნდა აირჩიონ, თუ რომელ მხარეს დადგნენ და განაგრძონ თუ არა ასეთი სარისკო ოპერაციები.

ცნობისთვის: რუსეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული სტატუსით, ქვეყნების ჩამონათვალში ყაზახეთი მეგობრულ-ნეიტრალური, ხოლო საქართველო ნეიტრალური ქვეყანაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ