ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები

არავინ დავობს, რომ სატელევიზიო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია განვითარებულ ქვეყნებში. საინტერესოა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ტელემაგნატები მილიონებს უხდიან და რომელთა მეშვეობითაც საკუთარ ბიზნესს კიდევ უფრო შემოსავლიანს ხდიან.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად ტელეწამყვანად, ლეგენდარულ ოპრა უინფრის მიიჩნევენ, რომლის წლიური ანაზღაურება 2010 წელს 310 მილიონს შეადგენდა. ამჟამად ოპრას წლიური გასამრჯელო მხოლოდ 82 მილიონი დოლარია. ქართველი პუბლიკისთვის კარგად ნაცნობი ელენ დეჯენერესის წლიური ანაზღაურება 80 მილიონს შეადგენს (მის ქართველ ”ანალოგს” ნანუკა ჟორჟოლიანს სულ ცოტა, 100 წელი დასჭირდება ამდენი რომ გამოიმუშავოს მხოლოდ ხელფასით). ცნობისთვის, ”ფორბსის” ყველაზე ”ძლევამოსილი სელებრითების” რეიტინგში ამ ქალბატონებს მე-4 და მე-5 ადგილი უკავიათ.

”მილიონერთა კლუბის” ჩამონათვალში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ასევე ბრიტანელები: საიმონ ქაუელი, რომელმაც ”ამერიკის აიდოლის” ერთ-ერთ სეზონზე 95 მილიონი დოლარის გასამრჯელო მიიღო და ”ბიბისიდან” დათხოვნილი, პოპულარული ”ტოპ-გეარის” წამყვანი, ჯერემი კლარკსონი, რომელსაც წელიწადში 21 მილიონს უხდიდნენ. რაც შეეხება საღამოს გასართობი გადაცემების წამყვანების ანაზღაურებას, ამ სიაში ლიდერობენ ჯეი ლენო და დევიდ ლეტერმანი, წლიური 20 მილიონით. ამერიკელი ”დუტას” - რაიან სიქრესტის წლიური ხელფასი 65 მილიონს აღწევს. ამავე სიაში აღმოაჩენთ სხვადასხვა მსახიობებსა და მომღერლებს (ბრიტნი სპირსი, კიმ კარდაშიანი, ტაირა ბენკსი, მერაია ქერი და სხვა), რომლებსაც ცალკეულ პროექტებში კომპანიებმა მილიონები გადაუხადეს.

რაც შეეხება ქართულ რეალობას, აქ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რადგან ქართველი ტელეწამყვანების ხელფასი ძირითადად კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი ტელე-წამყვანების ათეულში არიან ინგა გრიგოლია (”იმედი”), გიორგი გაბუნია (”რუსთავი2”), ზაალ უდუმაშვილი (”რუსთავი2”), დიანა ჯოჯუა (”რუსთავი2”), ეკა ხოფერია (”იმედი”) დუტა სხირტლაძე (”იმედი”), მაკა ცინცაძე (”ჯი-დი-ესი”), მაია ასათიანი (”რუსთავი2”), შალვა რამიშვილი (”იმედი”), ვანო ჯავახიშვილი (”რუსთავი2”).

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მოსაზრებით, სატელევიზიო სივრცეში კარგ გასამრჯელოს საავტორო გადაცემებისა და პროექტების წამყვანები იღებენ, არანაკლებს გამოიმუშავებენ საინფორმაციო გამოშვების წამყვანებიც. ამერიკულ ტელეარხებს უღირთ უკვე ბრენდად ქცეულ ჟურნალისტებს მილიონობით დოლარი გადაუხადონ. ამერიკელი ჟურნალისტების ანაზღაურება, რა თქმა უნდა, ბევრად აღემატება მსოფლიოს სხვადასხვა სატელევიზიო წამყვანი არხების ყოველწლიურ შემოსავალს, შეასაბამისად, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ”ნიუსების წამყვანების” ათეულში სწორედ ამერიკელები მოხვდნენ.

გთავაზობთ ტოპ-10 ყველაზე მაღალანაზღაურებად საინფორმაციო გამოშვების წამყვანების ჩამონათვალს, რომელთა წლიური შემოსავალი რამდენიმე მილიონს აღწევს:

10. კრის კუომო - 2,5 მლნ დოლარი (CNN-ის დილის საინფორმაციოს წამყვანი)

9. ენ ქური - 5 მლნ დოლარი (NBC News, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი)

8. სკოტ პეილი - 5 მლნ დოლარი (CBS Evening News-ის წამყვანი)

7. მეგინ კელი - 6 მლნ დოლარი (Fox News-ის წამყვანი)

6. რეიჩელ მედოუ - 7 მლნ დოლარი (MSNBC-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი)

5. შეპარდ სმიტი - 7-8 მლნ დოლარი (Fox News-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და რედაქტორი)

4. ანდერსონ კუპერი - 11 მლნ დოლარი (CNN-ის ანალიტიკური პროგრამის Anderson Cooper 360-ის ავტორი და წამყვანი)

3. დიან სოიერი - 12 მლნ დოლარი (ABC World News-ის წამყვანი)

2. ბილი ო’რეილი - 20 მლნ დოლარი (Fox News-ის ანალიტიკური გადაცემა The O’Reilly Factor-ის ავტორი და წამყვანი)

1. მეთ ლაუერი - 25 მლნ დოლარი (NBC-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი)

სპეციალურად საიტისთვის კოკა კვირკველია.