რუსებს კატამარნებით ყირიმი-აფხაზეთის კომბინირებული ტურის შექმნა სურთ

რუსები ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და აფხაზეთს შორის ახალი კომბინირებული ტურისტული მარშრუტის შექმნას გეგმავენ, რომელზეც წყალქვეშა ფრთებზე მცურავი ჩქაროსნული ხომალდები (კატამარნები) იმოძრავებენ.

ამის შესახებ ყირიმის დე ფაქტო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის პრეზიდენტთან ყირიმის ე.წ. მუდმივმა წარმომადგენელმა, გეორგი მურადოვმა განაცხადა.

„მეტად კარგი იქნება, თუ წყალქვეშა ფრთებზე მცურავი გემების წარმოება გაგრძელდება, რადგან ეს არის გადაადგილების ჩქაროსნული საშუალება საზღვაო ტერიტორიებს შორის, რომელიც საშუალებას იძლევა, სულ რამდენიმე საათში ჩახვიდეთ აფხაზეთიდან ყირიმში ან ყირიმიდან აფხაზეთში. ამ ხაზზე უფრო ფართო კატამარნების გამოიყენება არის შესაძლებელი, რომ მოგზაურთათვის საინტერესო ტურისტული მარშრუტი შეიქმნას, რადგან ბევრს სურს, მოინახულოს როგორც აფხაზეთი, ასევე, ყირიმი. ორივე შავიზღვისპირა რესპუბლიკაში ბევრი საინტერესო ისტორიული ადგილი, შესანიშნავი ზღვა და, გამოქვაბულებისა თუ სამკურნალო წყაროების ჩათვლით, უნიკალური ბუნებრივი ღირშესანიშნაობებია,” - აცხადებს მურადოვი.

ის მიიჩნევს, რომ კომბინირებული ტური დამსვენებლების სხვადასხვა კატეგორიისთვის იქნება მიმზიდველი, ვინც ექსტრემალურ, გასტრონომიულ, ღვინის ან ეკოლოგიურ ტურიზმს ანიჭებს უპირატესობას.

„ყირიმი-აფხაზეთის მარშრუტი იქნება მათთვის, ვისაც ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ პლაჟზე გარუჯვა კი არა, არამედ ახალი შთაბეჭდილებების მიღებაც სურს. ბევრი მიმზიდველი შეთავაზება გაჩნდება, თუკი ხალხისთვის მისაღებ ფასებში ჩქაროსნული საზღვაო ტრანსპორტირების უზრუნველყოფას შევძლებთ. ეს მარტივი ამოცანა არ არის და დროს მოითხოვს,” - ამბობს მურადოვი.

ის განმარტავს, რომ ჩქაროსნულ გემებზე ტურები კრუიზებს არ ჩაანაცვლებს და ეს მგზავრთა საზღვაო გადაყვანის ახალი სახეობაა, რომელიც შავი ზღვის ამ ზონაში ჯერ კიდევ განუვითარებელია. მურადოვის შეფასებით, საკრუიზო გემები დასვენების სრულიად განსხვავებული საშუალებაა, რომელიც ზღვაზე ნელ გადაადგილებასა და სანაპიროზე არსებულ ღირშესანიშნაობებზე მოკლევადიან ვიზიტს ითვალისწინებს. ამასთან, ლაინერებით მოგზაურობის ფასი მაღალია და ყირიმში ან აფხაზეთის ძვირადღირებულ სასტუმროებსა თუ სანატორიუმებში განსახლების ხარჯს უტოლდება.

ცნობისთვის: 2023 წლის დეკემბერში ანექსირებული ყირიმის გემთმშენებელ ქარხანა More-მ მეხუთე ჩქაროსნული კატამარანი, Comet 120M გამოუშვა, რომელიც ნახევარკუნძულის ქალაქებს შორის მგზავრების გადასაყვანად გამოიყენება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ