ეროვნული ბანკი დაზარალებულ მოქალაქეებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ბანკის თანამშრომელთა სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დახმარება აღუთქვა.

"ეროვნული ბანკის სახელით მინდა თანავუგრძნო გარდაცვლილთა ოჯახებს. რამდენიმე წუთის წინ სამწუხაროდ კიდევ ერთი გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის ივლიტა ჯიბუტი, ჩვენი თანამშრომლის ძმისშვილი. ჩემთვის ძალიან რთული არის შესაბამისი სიტყვების პოვნა იმისთვის, რომ ავხსნა როგორ ვგრძნობთ თითოეული ჩვენთაგანი თავს",-აღნიშნა ქადაგიძემ.

მანვე მიმართა დაზარალებულთა ოჯახებს – "ვიცით, რომ მათ აქვთ სხვადასხვა ტიპის ვალდებულებები, საბანკო კრედიტები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ პროცესის აღწერა, ბანკის თანამშრომლები მივლენ თითოეულ ოჯახში და ბოლომდე დავეხმარებით მათ ამ ვალდებულებების გასტუმრებაში. ეს არ არის ყველაზე სასწრაფო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი გადაუდებელი საჭიროებები იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენ ამ პროცესსაც მივხედავთ და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შუამავლობა და თხოვნა კომერციულ ბანკებთან არ დაგვჭირდება, რათა ამ ოჯახებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. ამ საკითხს ჩვენ მომდევნო დღეებში დავარეგულირებთ. თითოეული ესეთი შემთხვევა იქნება შესწავლილი, რიგ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეს იქნება გადავადება, საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს არც ჯარიმებზე და არც პროცენტებზე, რიგ შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მასშტაბური მხარდაჭერა იყოს. არ მინდა, რომ მოვლენებს გავუსწრო, ამ ეტაპზე ჩვენ აღვრიცხავთ ყველა ამ ვალდებულებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

აღნიშნულ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.